WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ირაკლი კობახიძემ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ის ამავდროულად არსებულ თანამდებობასაც შეინარჩუნებს. აღნიშნული პოზიცია 2025 წლის დეკემბრიდან ვაკანტური იყო.

ბრიფინგზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს დანიშვნა არ მიანიშნებს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის პოზიციის რაიმე სახის ცვლილებაზე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები (GID) და მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესთა სექცია აგრძელებენ მუშაობას, „ჩვენ დავინახეთ, რომ დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცწარმომადგენლის თანამდებობის კვლავაც არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა“.

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი“, – განაცხადა კობახიძემ და იქვე აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“.

„საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება“, – დასძინა კობახიძემ.

მან ზურაბაშვილს „ძალზე გამოცდილი დიპლომატი“ უწოდა და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში იგი სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა საჯარო სამსახურში, მათ შორის „საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის 1 ივლისს – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ“.

კობახიძის განცხადებით, ზურაბაშვილი გიორგი ქაჯაიას ჩა​​ანაცვლებს. ამ უკანასკნელმა აღნიშნული თანამდებობა 2024 წლის მარტში დაიკავა მას შემდეგ, რაც რუსეთში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ საქართველოს ინტერესთა სექციის ხელმძღვანელის პოსტზე ოთხწლიანი ვადა ამოეწურა, და მას 2025 წლის დეკემბრამდე იკავებდა. ქაჯაიამ ამ პოსტზე ზურაბ აბაშიძე შეცვალა, რომელიც სპეციალური წარმომადგენლის მოვალეობებს 2012 წლიდან ასრულებდა, მოგვიანებით კი კობახიძის მრჩევლად დაინიშნა.

სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა საქართველოსა და რუსეთს შორის 2012 წლის ბოლოს დაწყებული არაფორმალური პირდაპირი დიალოგის ფარგლებში შეიქმნა. იმ პერიოდში ის „აბაშიძე-კარასინის ფორმატის“ სახელით იყო ცნობილი. ფორმატი ორმხრივ ურთიერთობებში სავაჭრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხების განსახილველად შეიქმნა.

„დარწმუნებული ვართ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი, მისი ცოდნითა და გამოცდილებით, საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

თავის მხრივ, ზურაბაშვილმა კობახიძეს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთვის საჭირო ამოცანების შესასრულებლად.

This post is also available in: English