“ჩვენ არ ვეთანხმებით გორის მერიის გადაწყვეტილებას და ვაპირებთ სამართლებრივ დავას ხელოვნების სახლის გადასარჩენად! გავაგრძელებთ მუშაობას გორის ახალ იდენტობაზე, რომელიც გორს თანამედროვე ხელოვნების ქალაქად აქცევს!”, – ნათქვამია ხელოვნების სახლის განცხადებაში.
“გორელ ფოტოგრაფთა კლუბი” გორის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. როგორც ცნობილია, გორის მერიამ კლუბთან დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და მათ სარგებლობაში არსებული სივრიცის დატოვება მოსთხოვა.
“ჩვენთვის ცხადია, რომ ეს პროცესი წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით უნდა იყოს გარანტირებული!”.
სივრცე, სადაც ხელოვნების სახლი განთავსდა წლების განმავლობაში მიტოვებული და მოუვლელი იყო. ფოტოგრაფთა კლუბის წევრები ფიქრობენ, რომ მერიის მხრიდან აღნიშნული გადაწვეტილება მათი ბოლო დროინდელი აქტივებების გამოა.
“ხელოვნების სახლის რეზიდენტებმა 16 ნოემბერს გავხსენით კოლაბორაციული გამოფენა, რომელიც იყო რეფლექსია მიმდინარე პროტესტებზე და აერთიანებდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე პროტესტის მონაწილეების მიერ გამოყენებულ ფრაზებს. ინსტალაციის გახსნიდან ზუსტად 5 დღეში გორის მერიისგან მივიღეთ წერილი, რომელიც გვთხოვდა 2 თვის წინ განახლებული უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტას, აბსურდული მიზეზით, თითქოს მერიას სჭირდება ხელოვნების სახლის სივრცე, რადგან “მუნიციპალიტეტს არ გააჩნია სხვა შესაბამისი ქონება””, – ნათქვამია ხელოვნების სახლის განცხადებაში.
ხელოვნების სახლის დამფუძვნებლები ამბობენ, რომ მერიამ მათ შენობის დატოვება აბსურდული მიზეზებით მოსთხოვეს.
“ჩვენს საპასუხო წერილში ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარის მიღების შემდეგ, გორის მერიამ მორიგი აბსურდული მიზეზი დაასახელა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად- ელექტროენერგიის განმხოლოება. ჩვენ გვქონდა ელექტროენერგიის საკითხის მოგვარების მცდელობა, თუმცა “ენერგო-პროსგან” მივიღეთ პასუხი, რომ ამ პროცესს მერიის თანხმობა ჭირდება. ასევე, ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ელექტროენერგიის გამხოლოვების ვადა, შესაბამისად ჩვენი მხრიდან ხელშეკრულება არ დარღვეულა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ხელოვნების სახლი არის სივრცე, რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოდ და ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა. 2016 წელს “ხელოვნების სახლის” გუნდმა დაიწყო სივრცის დასუფთავება და კამპანია მისი რეაბილიტაციისთვის. ამ პროცესში ჩართული იყო ასობით ადგილობრივი მოხალისე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.