დააკავეს კაცი, რომელმაც შსს-ს თანახმად აქციის შემდეგ მზიურში სამეთვალყურეო კამერა დააზიანა

2 weeks ago 12

პოლიციამ 42 წლის კაცი დააკავა, სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებითვის. შსს-ს გამოძიების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, მან მზიურის პარკში მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში მითითებული არ არის, შემთხვევის თარიღი. თუმცა, აღნიშნულია, რომ ლ.ჩ. ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. უწყება ხაზს უსვამს, რომ ბრალდებული ადრე მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდა სასჯელს.

სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალის დამტკიცების შემთვევაში პირს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

28 ნოემბრიდან მოყოლებული, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო - „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავებისას პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.

თბილისში მიმდინარე აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 6 ადამიანი, მათგან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორის საქმეს სასამართლო დღეს 4 დეკემბერს განიხილავს. 3 დეკემბერს დაკავებული კიდევ ერთი ადამიანისთვის პროკურატურას ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენია.

სრულად წაკითხვა