დავით არახამია საქართველოსთან ურთიერთობის „ნორმალიზების“ სამ პირობას ასახელებს

9 months ago 62

უკრაინის „ვერხოვნა რადაში“ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ სამი ნაბიჯი დაასახელა, რომლებიც საქართველომ უკრაინასთან „ურთიერთობის ნორმალიზებისთვის“ უნდა გადადგას. ამ პირობებს შორისაა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება და უკრაინაში დაბრუნება, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტა, „როგორც ამას თავად ქართველი ხალხი ითხოვს“, და „სანქციების თავიდან აცილებაში აგრესორისთვის დახმარების“ შეწყვეტა. „ამის შემდეგ ნორმალიზება ძალიან ადვილი იქნება“, – განაცხადა არახამიამ.

11 მარტს საქართველოს მთავრობამ ორი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროინდელი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ვიზიტებს ბრიუსელსა და ბერლინში უკრაინის ოფიციალური დელეგაციების შემადგენლობაში. ერთ განცხადებაში, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მისამართით გაკეთდა, საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ „ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ“.

საპასუხოდ, არახამიამ თავის „ტელეგრამის“ გვერდზე 12 მარტს დაწერა, რომ „საქართველოს კრემლისტური ხელისუფლება „ურთიერთობების ნორმალიზების“ მიზნით ჩვენი მოქალაქეების ექსტრადირებას ითხოვს“ და „თუ ნამდვილად ვსაუბრობთ „ნორმალიზებაზე“, ამისათვის გეგმა [ზემოთხსენებული სამი ნაბიჯი] არსებობს…“

არახამიას განცხადების საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 მარტს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას „მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს პირიქით, ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას“.

კობახიძის თქმით, „უკრაინა დღეს არის მძიმე ვითარებაში“ და „აქედან გამომდინარე, ჩვენ, პირველ რიგში, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და, შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა