სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 7 დეკემბერს, გამთენიისას, ავტოავარიაში დაიღუპა მათი თანამშრომელი, რომელიც საპროტესტრო აქციაზე შვილის დასახმერებლად მიდიოდა.
„ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.
ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება“.
როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე არ ავრცელებენ.
ცხრა ღამეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
6-7 დეკემბრის ღამეს, აქციის დაშლისას, სპეცრაზმის თანამშრომლებმა 48 პირი დააკეს. დემონსტრანტების დაკავებისას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებისას სპეცრაზმი მათ ფიზიკურად უსწორდება.
აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი აირი.