შინაგან საქმეთა სამინისტრო 00:43 წუთისთვის განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა, შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა.
უწყების განცხადებით, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმართულებით ისვრიან პიროტექნიკას, რის შედეგადაც პარლამენტის რამდენიმე ოთახში გაჩნდა ცეცხლი:
„ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის დამცავი ჯებირები, პერიოდულად ცდილობენ პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრის დაზიანებას და ეზოში შეჭრას.
მოძალადე ჯგუფებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა საგნის გამოყენებით ხელოვნური ბარიერები აღმართეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება დააზიანეს.
ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დღეს მიმდინარე აქციაზე დამწვრობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა“, - წერია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების კანონიერ მითითებებს:
„იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან სამართალდამცველების მითითებებს და განაგრძობენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, გააგრძელებენ პარლამენტის შენობის დაზიანებას, ცეცხლის წაკიდებას და სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდება გამოიყენოს კანონით დადგენილი ყველა სპეციალური საშუალება და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ზუბალაშვილების ქუჩაზე, სამართალდამცავებმა დაიწყეს დემონსტრანტების დაშლა. მათ წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს წყლის ჭავლი.
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მესამე დღეა გრძელდება რუსთაველის გამზირზე.
დემონსტრანტები აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ. ეს განცხადება მოქალაქეების დიდმა ნაწილმა საგარეო კურსის რუსეთისკენ ცვლილების მტკიცებულებად მიიჩნია.
28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.