დაკავებულებს მიკროავტობუსში უმოწყალოდ სცემდნენ, მიკროავტობუსში სისხლი იდგა – საია

2 weeks ago 10

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 1-2 დეკემბრის აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს სპეცრაზმელები სასტიკად სცემდნენ. მათი ნაწილი ამ დროისთვის კლინიკებშია გადაყვანილი.

საია ერთ-ერთია იმ 11 ორგანიზაციას შორის, რომლებმაც აქციებზე დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად სამართლებრივი დახმარების ქსელი შექმნეს. ქსელის იურისტები, დაკავებულებთან გასაუბრების შემდეგ, დეტალურად აღწერენ პოლიციელების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ სისასტიკეს და ღირსების შემლახავ ქმედებებს.

“მათ [დაკავებულებს] აღენიშნებათ სისხლჩაქცევები მთელს სხეულზე, აქვთ დაზიანებები სახის არეში – ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით. კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, მრავლობითისისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი.

დაკავებულების თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც დაკავების დროს, ასევე – დაკავების შემდეგ პერიოდში. მათ მიკროავტობუსში უმოწყალოდ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდა. ძალადობის პროცესში სამართალდამცავები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ისინი ერთმანეთს უთანხმდებოდნენ, დაკავებულებისთვის ხელი ან ფეხი რომ მოეტეხათ. მათ ზემდგომი პირი მიუთითებდა, რომ ჩაერტყათ ღვიძლის და კეფის არეში. ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ. დაკავებულები იხსენებენ შემდეგ ფრაზებს: “ტრაკში გაგთხრით დუბინკას”, „მოწონდათ გვარამია და ხაზარაძე?”, “შე ევროპელო, თქვენ ხო გევასებათ ტ-ში ტ***რი, გაგიკეთებთ დუბინკას უკან”.

ხანგრძლივი, უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა. ამ პროცესში ერთ-ერთ ნაცემ ადამიანს საწვიმარი სისხლით გაევსო. წამებას ზედამხედველობას უწევდა შედარებით ასაკიანი მამაკაცი, რომელიც აკონტროლებდა, ცემისას ვინმე არ მომკვდარიყო. მიკროავტობუსიდან გადმოსულებს, სანამ საპატრულო პოლიციის მანქანამდე მიიყვანდნენ, ატარებდნენ სპეცრაზმის კორიდორში, სათითაოდ ურტყამდნენ სახისა და ზურგის არეში წიხლებს.

სპეცრაზმელები დაკავებულებს ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ბევრი მათგანი ფეხშიშველი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. სპეცრაზმელები დაკავებულებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევდნენ და სთხოვდნენ კოდის მოხსნას”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებუო განცხადებაში.

საია გმობს არაადამიანურ და ღირსების დამამცირებელ მოპყრობას და საგამოძიებო უწყებებს სთხოვს, დროულად გამოიძიონ ყველა საქმე.

სრულად წაკითხვა