დაკავებულია IDFI-ის იურისტი, გიორგი დავითური

2 weeks ago 14

მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, რომ პოლიციამ რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქციის დაშლისას ათობით მოქალაქე დააკავა, მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" იურისტი გიორგი დავითური. ის რამდენიმე პოლიციელმა რუსთაველის მეტროს მიმდენარედ აიყვანა.

პუბლიკას მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ იყენებს პოლიცია დაკავების მომენტში წიწაკის სპრეის, დემონსტრანტების წინააღმდეგ.

შსს-ს არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების ზუსტი რიცხვისა და სავარაუდო სამართალდარღვევების შესახებ,

2 დეკემბრის ღამეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონტრანტების დაშლის განსხვავებულ ტაქტიკას მიმართა. ცრემლსადენი გაზის გამოყენებისა და გამოდევნების შემდეგ რუსთაველის გამზირიდან უკან დახეულ აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედანი და რუსთაველის მეტროს ზევით, კოსტავს ქუჩა პოლიციის მიერ გადაკეტილი დახვდათ.

დემონსტრანტების ნაწილმა მეტრო „რუსთაველს“ შეაფარა თავი. მათ პოლიცია მეტროშიც დაედევნა. აქციის მონაწილეები დააკავეს რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ. დაკავებულთა ზუსტი სტატისტიკა უცნობია.

სპეცრაზმელები განთავსდნენ რესპუბლიკის მოედანზე. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც. აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროს მიმდებარედ პატარა ქუჩებზე გაიფანტნენ.

პოლიციელების ავტომობილებიდან ისმის მოწოდება: „ჩადით მეტროში".

დემონსტრანტთა ნაწილი დარჩა რუსთველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ პოლიციელები მეგაფონის გამოყენებით მოუწოდებდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია.

აქციის დაშლის აქტიური ფაზა 2 დეკემბრის 02:00 საათიდან დაიწყო. შსს-მ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლის მანქანა, წიწაკის სპრეი.

ამის შემდეგ დილით 06:30 წუთამდე რუსთაველის გამზირზე ორ მონაკვეთზე მომიტინგეებს აღმართული ჰქონდათ ბარიკადები, ანთებდნენ ცეცხლს და მათი მისამართით გასროლილ ცრემლმდენი აირის კაფსულებს პლასტმასის ბოთლებში აგროვებდნენ.

სპეცრაზმელები ცრემლმდენი გაზის გამოყენების პარალელურად აკავებდნენ დემონსტრანტების ნაწილს.

მანამდე სამი საათის განმავლობაში პოლიცია წყლის ჭავლს იყენებდა პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რათა მათთვის ხელი შეეშალა მიახლოებოდნენ პარლამენტის შენობას. პარლამენტის შენობიდან გამოტყორცნილი ჭავლი მიმართული იყო ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილებისკენაც.

არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.

სრულად წაკითხვა