დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული – ევროკავშირი

1 week ago 6

ევროკავშირი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დააკავეს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.

„თითქმის ორი კვირაა, ქართველი ხალხი, რომელიც იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, ხვდება პოლიციის მხრიდან სასტიკ, უკანონო ძალას, როცა ისინი სიტყვის თავისუფლების უფლებას იყენებენ.აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების თვითნებური დაკავებები გრძელდება და მედიის წარმომადგენლები ძალოვანი სტრუქტურებისა და არაფორმალური აგრესიული ჯგუფების მიზანმიმართული თავდასხმების სამიზნეები ხდებიან.

400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 300-ზე მეტი ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, რომელთაგან ბევრს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის შემაშფოთებელი ცნობები მიუთითებს მძიმე და განზრახ ძალადობაზე, რაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ სარწმუნო შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად ამ ცნობებისა, ჯერჯერობით არცერთი პოლიციელი ან არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების წევრები არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი.

ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ და მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა დაკავებული“, – აცხადებს ანიტა ჰიპერი.

მისივე განცხადებით, ევროკავშირი ითხოვს შეწყდეს ფართოდ გავრცელებული დაშინება, პოლიტიკური დევნა და მოქალაქეების წამება და არასათანადო მოპყრობა, რომელთა შესახებაც ცნობები ვრცელდება.

„ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, უნდა იყოს დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დოკუმენტირება.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რათა ბოლო მოეღოს ამ მდგომარეობას, რომელიც ძვირად უჯდება ქართველ ხალხს. ძალადობა არ არის პასუხი მომიტინგეების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მოქმედებამ გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება.მუდმივი დემოკრატიული უკუსვლა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ბოლოდროინდელი რეპრესიული საშუალებები გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე.

ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე 16 დეკემბერს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს“, – აცხადებს ანიტა ჰიპერი.

სრულად წაკითხვა