დეგი დუდაევი: „მამა ბოლოს სულ დუმდა, ჩაფიქრებული იყო, მანამდე ასეთი არ მენახა” როგორ იხსენებს ჯოხარ დუდაევის ვაჟი მამას და ზვიად გამსახურდიას „სარკესთან“

4 hours ago 2

 „მამა ბოლოს სულ დუმდა, ჩაფიქრებული იყო, მანამდე ასეთი არ მენახა"ზვიად გამსახურდია და ჯოხარ დუდაევი – საბჭოთა იმპერიასთან მებრძოლი ორი რაინდი – ამ სახელებით შევიდნენ საქართველოსა და ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტები ისტორიაში… ორი რაინდის მეგობრობა მათი შთამომავლების მეგობრობით გრძელდება.

ჯოხარ დუდაევის ვაჟი, დეგი დუდაევი წლების წინ „სარკეს” თავისი ქვეყნისა და ოჯახის ტრაგიკულ ბედზე უამბობდა:

– უკანასკნელად სამშობლოში 1999 წელს ვიყავი. იმ დროს მამა უკვე აღარ იყო. ჩეჩნეთში მეორე ომი იწყებოდა და სამშობლოს დატოვება მოგვიწია. სწორედ მაშინ მოვხვდი პირველად თბილისში. აქ ორი კვირა გავჩერდით, შემდეგ სტამბულში წავედით და იქ ვცხოვრობდით. თურქეთში ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობებზე.

– სამშობლოს დატოვება აუცილებელი იყო?

– პირველი ომის დროს მუდმივად მამასთან ერთად ვიყავით. მეორე ომი უკვე ისეთი არ იყო, როგორიც პირველი. ომის იდეოლოგია შეიცვალა. იმ დროს ბასაევი დაღესტანში წავიდა. ომი დაიწყო არა იმიტომ, რომ რუსეთს სურდა ჩვენთვის თავისუფლების წართმევა, არამედ იმიტომაც, რომ ქვეყანაში დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. იმ პერიოდში პოლიტიკაში არ ვმონაწილეობდით. ადგილობრივების მსგავსად, ჩვენც მოგვიწია ქვეყნის დატოვება.

– მაინცდამაინც საქართველოში რატომ ჩამოხვედით?

– უახლოესი ქალაქი ჩეჩნეთის იზოლაციის დროს თბილისი იყო, რომლის გავლითაც შეიძლებოდა სხვაგან გაფრენა. საქართველო ჩეჩნეთს ჰგავს. ყველა შენიანი, კავკასიელია. ქართველი ხალხი ძალიან ჰგავს ჩეჩნებს. კავკასიაში ისინი ჩეჩნებთან ყველაზე ახლობლები არიან. კულტურა, მენტალიტეტი და ტრადიციები პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ჩვენს ენებს შორის 1200 ერთნაირი სიტყვაა. მხოლოდ რელიგიაშია სხვაობა.

– სამშობლო გენატრებათ?

– მენატრება. საქართველოში ყოფნის დროს უფრო იოლია ამ მონატრების გადატანა, რადგან აქ პრაქტიკულად ყველაფერი მშობლიურია. საქართველოში მეგობრები მახვევია, ჩვენიანებს შორის ვარ. როგორც სახლში, ისე ვგრძნობ თავს.

– დღეს რომ მოინდომოთ, ჩეჩნეთში დაბრუნება შეგიძლიათ?

– არა, კადიროვის და რუსული ხელისუფლების პირობებში იქ არასდროს წავალ.

– ყველაზე მეტად სამშობლოდან ან ბავშვობიდან რა გენატრებათ?

– ყველაზე მეტად ნათესავები მენატრებიან, რომლებიც ჩეჩნეთში არიან. ჩემი ნათესავი ბიჭები, უკვე დიდი ხანია, ცოცხლები აღარ არიან. მთელი ჩეჩნური საზოგადოება მენატრება, რომელსაც ასევე მოუწია იქაურობის დატოვება. ზოგადად კავკასიურ ატმოსფეროზე ნოსტალგია არ მაქვს. როცა საქართველოში ჩამოვდივარ, ფაქტობრივად ისე ვცხოვრობ, როგორც სახლში.

– როგორ დაგამახსოვრდათ მამა?

– მამა უკანასკნელად პირველი ომის დროს ვნახე, როცა ჩეჩნეთს ვტოვებდით. მაშინ 12 წლის ვიყავი. დაღუპვამდე ორი კვირით ადრე გამოგვამგზავრა. მამა ტელეფონზე ერთ-ერთ დეპუტატს ელაპარაკებოდა და ამ დროს რაკეტები გაუშვეს.

თავისი პრეზიდენტობის, განსაკუთრებით ომის დროს ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში სულ დუმდა, ჩაფიქრებული იყო. ყოველდღე ლოცულობდა. ასეთი მანამდე არასდროს მენახა. განშორებისას რამდენიმე სიტყვა მითხრა. ისე გამოგვემშვიდობა, თითქოს დროებითი განშორება იყო. ალბათ იმიტომ, რომ არ იცოდა, თუ დაიღუპებოდა.

– მამათქვენს და ზვიად გამსახურდიას ერთნაირი ბედი ერგოთ – ორივემ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. რატომ მოხდა, როგორ ფიქრობთ?

– თავისუფლებისა და სამშობლოსთვის მებრძოლების ბედი ერთმანეთის მსგავსია. მთელი პრობლემა ჩვენს საზოგადოებებშია. ბევრი კარგი, მაგრამ ბევრი ცუდი თვისება გვაქვს, რაც გვიშლის ხელს. როცა რუსეთის იმპერია სახლში გვივარდება და თავისუფლებას გვართმევს, იმ ხალხის ბედი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, საუკეთესო არაა.

– ზვიად გამსახურდია გახსოვთ?

– კი.

– როგორ გახსოვთ?

– ისეთი მახსოვს… სულ ჩაფიქრებული. ძალიან განიცდიდა, რაც საქართველოში ხდებოდა. კარგად მახსოვს, რომ თავიდანვე ისე მიმიღო, როგორც ახლო ნათესავი. დანახვისთანავე ჩემი, ბავშვური ყურადღება, იმის მიუხედავად, რომ გამოიყურებოდა არა როგორც ჩეჩენი, არამედ როგორც ქართველი, ჩემდამი დამოკიდებულებით მიიპყრო. ბავშვებთან ურთიერთობა კარგად შეეძლო, ისევე როგორც მამაჩემს. პირველად ორი წუთით ვნახე და მაშინვე მივხვდი, რომ ახლობელი ადამიანია. შემდეგ მისი და მამას დამოკიდებულებას რომ ვუყურებდი, გასაგები იყო, რომ მამას მეგობარი იყო.

ჩეჩნეთში როცა იყვნენ, მე და გიორგი ერთად ვიზრდებოდით. პირველი ომის შემდეგაც, როცა ისევ გროზნოში დავბრუნდით, გიორგი ხშირად ჩამოდიოდა. ცოტნე უფროსი იყო, ჩვენ – ბავშვები. ურთიერთობა გიორგისთან მიწევდა.

– რა შეხედულებების ხართ კავკასიურ ტრადიციებზე?

– რასაც ყველაზე მეტ ყურადღებას ვაქცევ, ეს მენტალიტეტია. ჩემში ჩეჩნური მენტალიტეტია. მამაჩემი ჩეჩენი იყო და ჩემში სხვა გენი არ დევს.

– რას გვეტყვით დედათქვენზე, ქალბატონ ალაზე? ალბათ ჩეჩნეთი და თავისი წარსული ცხოვრება ენატრება.

– პირველ რიგში, მამაზე დარდობს. ბუნებრივიცაა. მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს და ძალიან კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს. მათ მზერაშიც არ იგრძნობოდა რაიმე სახის უთანხმოება. ბავშვები არასდროს შევსწრებივართ ოჯახში რაიმე კამათს ან ჩხუბს, ალბათ იმიტომ, რომ მშობლები საერთოდ არ ჩხუბობდნენ. დედა ასევე ნაღვლობს ჩეჩნეთზე. ორივეს ძალიან გვენატრება ჩეჩნეთში მყოფი ჩვენი ნათესავები და ახლობლები.

სრულად წაკითხვა