საქართველოს დიპლომატთა საზოგადოების შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნის და მისი მანდატის გაფართოების გადაწყვეტილება საკმაოდ სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია.
„აქამდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი არასდროს ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი. ამასთანავე, სპეციალური წარმომადგენლის მანდატი ყოველთვის შემოიფარგლებოდა ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით, ხოლო შეხვედრები არაფორმალურ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ სტატუსის მინიჭება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად შეიძლება ჩაითვალოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან“, — ნათქვამია დიპლომატთა საზოგადოების განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერთა აზრით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატს დაემატა „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება“, რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის პირდაპირი ალტერნატივის შექმნას ნიშნავს.
„ქართული დიპლომატიის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი გამხდარიყო საერთაშორისო ფორმატში განხილვის საგანი და ამ მოლაპარაკებებში საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა, სადაც ევროკავშირი, გაერო და ეუთო მედიატორის სტატუსით არიან წარმოდგენილნი, ხოლო აშშ მონაწილეობს. მიღებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან, ასევე, საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს და აზიანებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას“, — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება (DGS) აერთიანებს სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს, რომელთა დიდი ნაწილი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა მხარდაჭერის გამო გადადგა დაკავებული თანამდებობებიდან ან გაათავისუფლეს დიპლომატიური სამსახურიდან.
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა და მის ახალ ამოცანად „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც“ დაასახელა.
ამ დრომდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმადგენელი მოსკოვთან არაფორმალურ დიალოგს სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობებზე აწარმოებდა, კონფლიქტის თემა კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში განსახილველ საკითხად რჩებოდა.
„რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის პოსტს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეითავსებს, რაც არაფორმალური დიალოგის ფორმატში საქართველოს წარმომადგენლობის რანგის აწევაზე მიუთითებს. თუმცა კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთთან ზურაბაშვილი საქართველოს წარმოადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი და არა როგორც, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ამ თემაზე:
ვინ არის ზურაბ აბაშიძის შემცვლელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში
ვინ არის ზურაბ აბაშიძის შემცვლელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში
netgazeti