დრონებით შეტევამ „სამრეწველო საწარმო“ რუსეთის ქალაქ სარატოვშიც დააზიანა

1 day ago 4

რუსეთის სარატოვის ოლქში ქალაქ ენგელსის გარდა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ სარატოვზეც. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი რომან ბუსარგინი იუწყება.

ადგილობრივი დროით დილის 10 საათისთვის გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ენგელსის გარდა „სამრეწველო საწარმო“ დაზიანდა ქალაქ სარატოვშიც. რომელი, ბუსარგინი არ აკონკრეტებს.

სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლების ინფორმაციით, უკრაინამ დრონებით შეუტია სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევრისთვის სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ქალაქ ენგელსში დაზიანებულია „სამრეწველო საწარმო“ და „ოპერატიული სამსახურები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ“. ბუსარგინს საწარმოს არ დაუკონკრეტებია.

გუბერნატორი კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებდა 8 იანვარსაც, როცა უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ენგელსში დრონებით დაარტყეს ნავთობის ბაზა „კომბინატ კრისტალს", რომელიც საწვავით ამარაგებს ამავე ქალაქში მდებარე სამხედრო აეროდრომს.

მომდევნო დღეებშიც, როცა ხანძრის სრულად ჩაქრობა ვერ ხერხდებოდა და ენგელსის მცხოვრებთათვისაც უკვე ცნობილი იყო, რომ ქალაქში ნავთობის ბაზა იწვის, ბუსარგინი ყველა შეტყობინებაში მხოლოდ „სამრეწველო საწარმოს“ ახსენებდა.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ენგელსზე დრონებით დღევანდელი შეტევის სამიზნე, სავარაუდოდ, კვლავ ნავთობის ბაზა „კრისტალი" იყო.

უკრაინას ენგელსსა და სარატოვზე დღევანდელი იერიშის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის საცავებს.

სრულად წაკითხვა