ედოარდო ბოვეს მდგომარეობა სტაბილურია

2 weeks ago 15

"ფიორენტინასა" და მილანის "ინტერს" შორის გუშინ გამართული მატჩი მე-17 წუთზე შეწყდა, როცა ფლორენციელთა 22 წლის ნახევარმცველი, ედოარდო ბოვე მოედანზე უგონოდ დაეცა.

"იების" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ედუარდოს მდგომარეობა სტაბილურია. კარდიოლოგიურმა და ნევროლოგიურმა გამოკვლევებმა რაიმე სახის დაზიანება გამორიცხეს. ბოვე საავადმყოფოში რჩება და ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა.

ფეხბურთელი მოინახულეს მისმა საცოლემ, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა. კარეჯის ჰოსპიტალში მივიდნენ "ფიორეს" მთავარი მწვრთნელი, რაფაელე პალადინო და სხვა მოთამაშეებიც.

აღსანიშნავია, რომ ედოარდომ გონება მაშინ დაკარგა, როდესაც მატჩი ისედაც შეჩერებული გახლდათ, ვიდეორეფერის მიერ გოლის შემოწმების პროცედურის გამო. ცხადია, ინციდენტის შემდეგ შეხვედრა აღარ გაგრძელებულა. მის გადადებას მხარი დაუჭირეს "ინტერნაციონალეს" წარმომადგენლებმაც.

თამაში 0:0-ზე განახლდება, თუმცა როდის მოხდება ეს, ჯერ უცნობია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოვე "იისფრებს" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "რომადან" შეუერთდა. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში მან 1 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.

სრულად წაკითხვა