248
პოლონელმა პოლიტიკოსებმა ევროკავშირის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე ,,ოცნების” პარლამენტის ე.წ. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ლევან მახაშვილისთვის გაგზავნილი მიწვევა გააუქმეს.
აგნიესკა პომასკა პლატფორმა X-ზე წერს, რომ ტომაშ გროდცკისთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, ივანიშვილის გუნდის წევრებმა ვარშავაში, 2025 წლის 26-27 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღონ.
ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც დემოკრატიის უკანდახევას უკავშირდება. საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე ქმედებები მავნე გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა ვითარებაზე, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ სტანდარტებს და საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან აშორებს.
ეს ქმედებები, საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო საარჩევნო გაყალბების შემდეგ გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ, დეტალურად არის აღწერილი ევროპარლამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის რეზოლუციაში. საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი ამჟამად შეჩერებულია. ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ხელისუფლების მიერ არჩეულ მიმართულებას და ეს ნათლად და ხმამაღლა გამოხატა მასობრივ დემონსტრაციებში მონაწილეობით.
ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტში შესვლაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები არც თავისუფალია და არც სამართლიანი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ევროპარლამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის რეზოლუციის შემდეგ, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ფორმალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, დარწმუნებული ვართ, რომ ქართველმა პარლამენტარებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა მომავალ შეხვედრაში, COSAC-ის თავმჯდომარეთა 2025 წლის 26-27 იანვარს ვარშავაში.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამჟამად არ შეიძლება საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრები გაიმართოს, რადგან საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს არღვევს.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პოზიციას გაიზიარებთ და მხარდაჭერას გამოუცხადებთ”. – წერია განცხადებაში.
პოლონეთის პარლამენტის ქვედა და ზემო პალატის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე წერს, რომ ლევან მახაშვილისთის გაგზავნილი მოწვევის გაუქმების მთავარი მიზეზი ივანიშვილის გუნდის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჩერებაა.
გადავწყვიტეთ, უკან გავიხმოთ ეს მოწვევა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროინტეგრაციაზე. უარესდება სიტუაცია ხალხისთვის, ვინც საქართველოს ქუჩებში დემოკრატიისთვის იბრძვის. მათ მხარეზე ვართ, ვინც იცავს დემოკრატიას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ადგილს ევროპულ საზოგადოებაში“, – ნათქვამია განცხადებაში. (ტვ პირველი)