ევროკავშირის და არაბული ქვეყნების წარმომადგენლები სირიის მომავალზე მსჯელობენ

8 hours ago 4

საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია სირიის მომავლის შესახებ, ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის ფონზე. კონფერენციაზე მიწვეული არიან საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები ახლო აღმოსავლეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

შეხვედრაში არ მონაწილეობს რუსეთი, რომელიც, ირანთან ერთად, იყო დეკემბერში დამხობილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე.

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემაა სხვადასხვა, უწინარესად დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან სირიასთან მიმართებით შემოღებული სანქციები. ელ-რიადში ჩასვლის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სანქციებთან მიმართებით "გონივრული მიდგომაა" საჭირო. კერძოდ, ბერბოკი თვლის, რომ აუცილებელია იმ შეზღუდვების შემსუბუქება, რომლებიც სირიის მოსახლეობის ცხოვრებაზე აისახება. ამავდროულად, მისი თქმით, ძალაში უნდა დარჩეს ასადის გარემოცვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ასადს და მის გარემოცვას ევროკავშირი ბრალს სდებს ბევრი დანაშაულის ჩადენაში და ადამიანის უფლებების ხელყოფაში.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კაია კალასის თქმით, ბლოკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფორმას, რომლითაც სირიაში ხელისუფლების ცვლილება ხორციელდება - იქნება თუ არა დაცული ქალთა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები. ეს საკითხები შეშფოთებას აღძრავს, რადგან ასადის მოწინააღმდეგეებს შორის - რომლებიც ამჟამად ხელისუფლებაში არიან - მთავარი ძალაა "ჰაიათ თაჰრირ-აშ-შამი", ჯგუფი ისლამისტური ფესვებით და წარსულში ალ-ყაიდასთან კავშირის მქონე ლიდერებით.

ასადის მოწინააღმდეგე ფრაქციათა მხარდამჭერი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ბალანსის მოძებნაა აუცილებელი "საერთაშორისო თანამეგობრობის მოლოდინებსა" და სირიის "რეალობას" შორის.

კალასის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები სირიისთვის დაწესებული სანქციების საკითხზე 27 იანვარს, ბრიუსელში იმსჯელებენ.

მანამდე, ევროკავშირის მაღალი რანგის პირები, მათ შორის ბერბოკი უკვე ჩავიდნენ დამასკში და შეხვედრები გამართეს ქვეყნის ადმინისტრაციის ფაქტობრივ ხელმძღვანელთან, აჰმად ალ-შარასთან. სირიის ახალი ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას სანქციების მოხსნას თხივს და გამოდის პირობებით, რომ დაიცავს უმცირესობათა უფლებებს და გააგრძელებს ბრძოლას ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ "ისლამურ სახელმწიფოსთან".

სანქციათა რეჟიმი გარკვეულწილად შეასუსტა აშშ-მა - მან 6 თვის ვადით უფლება გასცა სირიის ხელისუფლებასთან ტრანსაქციების წარმოებისთვის, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. გერმანია, ბერბოკის თქმით, სირიას 50 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის. მაგრამ სანქციების გაუქმების შესახებ ჯერჯერობით არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ გამოუცხადებიათ.

ასადი - რომელიც სირიას მართავდა 20 წელზე მეტი დროის განმავლობაში, აქედან 10 წელიწადი სამოქალაქო ომის პირობებში - დეკემბრის დასაწყისში, შეიარაღებული ოპოზიციის შეტევის ფონზე მოსკოვში გაიქცა.

სრულად წაკითხვა