ევროკავშირის ლიდერები „წუხილს გამოთქვამენ“ ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო

2 weeks ago 10

ევროკავშირის ახალი კომისიის დამტკიცებიდან პირველ განცხადებაში საქართველოს შესახებ, უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა წუხილი გამოთქვეს „ქართული ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

„ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება, არ მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და უარს ამბობს ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 1 დეკემბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გაავრცელეს. „ეს [კობახიძის] განცხადება მიანიშნებს, რომ შეიცვალა საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების პოლიტიკა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ევროპული მისწრაფებები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი“.

დაგმეს რა ძალადობა მშვიდოაბიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, კალასმა და კოსმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს „პირდაპირი შედეგები აქვს“ ევროკავშირთან ურთიერთობაზე.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება, რაც ასევე იმ დარღვევებსაც გულისხმობს, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების მიმდინარეობისას განხორციელდა“, – ნათქვამია განცხადებაში. „ამ თემასთან დაკავშირებით, ევროკავშირი ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს და მის რეკომენდაციებს“.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია“.

„საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა ფაქტი უნდა იქნას გამოძიებული და ძალადობაზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროკავშირი ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირში გაწევრიანების კარი კვლავ ღიაა და საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ლიდერების ხელშია“, – აცხადევენ ევროკავშირის ლიდერები.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ ცალკე განცხადებაში, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე გამოთქვა წუხილი ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელისუფლების ჩამოშორების გამო.

„ევროკავშირი დგას საქართველოს ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. „ევროკავშირის კარი ღია რჩება. ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია“.

We regret the Georgian leadership's shift away from the EU and its values.

The EU stands with the people of Georgia and their choice for a European future.

The door to the EU remains open.

The return of Georgia on the EU path is in the hands of the Georgian leadership.

— Ursula von der Leyen (@vonderleyen) December 1, 2024

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა