ევროკავშირის საბჭომ დღეს, 17 დეკემბერს დაამტკიცა და გამოაქვეყნა ევროკავშირის ანგარიში გაფართოების შესახებ, რომელიც მოიცავს ევროკავშირის პარტნიორ დასავლეთ ბალკანეთის ექვს ქვეყანა, აგრეთვე, თურქეთს, უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს.
გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში აღნიშნულია: „საბჭო მხედველობაში იღებს ევროკომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის კომუნიკაციას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ, მათ შორის, ანგარიშებს მონტენეგროს, სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთ
მაკედონიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, კოსოვოს, თურქეთის, უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს შესახებ.
რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ ხაზს უსვამს გაფართოების, როგორც ევროკავშირის სტრატეგიული პრიორიტეტის, მნიშვნელობას. საბჭო ადასტურებს თავის სრულ და ცალსახა ერთგულებას დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მიმართ. თურქეთი რჩება კანდიდატ ქვეყნად და მთავარ პარტნიორად საერთო ინტერესების მრავალ სფეროში. საბჭო კვლავ აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, რაც, ფაქტობრივად, გამოიწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა მათ ევროპულ გზაზე, გამოხატავს წუხილს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადების გამო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე“.
ანგარიშში კონკრეტულად საქართველოს 2,5 გვერდი ეთმობა (34-36 გვ.).
დოკუმენტში ნათქვამია:
„ევროპული საბჭოს ბოლოდროინდელი დასკვნების გათვალისწინებით, საბჭო კვლავ ადასტურებს კავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე, ამავდროულად, კვლავ გამოხატავს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას იმ კურსის მიმართ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან, აგრეთვე, სხვა კანონებთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება და წარმოადგენს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით კომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯებისგან უკან დახევას“.
საბჭოს შეხსენებით, ევროპული საბჭო 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში აღნიშნავდა, რომ ასეთი მოქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და, ფაქტობრივად, გაწევრიანების პროცესის შეჩერებამდე მიჰყავს. საბჭო წუხილს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის უახლეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 2028 წლამდე გააჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლება და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას და გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებს შეესაბამება. საბჭო ხაზს უსვამს იმ ცხრა ნაბიჯის განხორციელების მნიშვნელობას, რომლებიც მოცემულია კომისიის 2023 წლის გაფართოების კომუნიკაციაში.
საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების სფეროებში უკუსვლის გამო. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და პლურალიზმის, აგრეთვე LGBTI პირთა უფლებების სრული დაცვა.
უნდა შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაშინება, მათ მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია. შეგახსენებთ, რომ მოქმედი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის გადამწყვეტი კომპონენტია, საბჭო მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს, რომ მისმა აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს ფუნქციონირება შეზღუდვების გარეშე და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად ჩაერთოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში“.
ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში საუბარია, აგრეთვე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნაზე, საარჩევნო დარღვევების გამოძიებასა და ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების რეკომენდაციებზე.
„საბჭო სერიოზული შეშფოთებით აღნიშნავს OSCE/ODIHR-ის წინასწარ დასკვნებს, რომლებიც მიუთითებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა რამდენიმე ხარვეზითა და დაძაბული, უკიდურესად პოლარიზებული გარემოთი. დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების პირობების გაუმჯობესების მიზნით, საბჭო მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს, გამოიძიოს და მიიღოს ზომები საარჩევნო დარღვევებსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, განიხილოს ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების რეკომენდაციები. ასევე შეახსენებს, რომ ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა არის ცხრა ნაბიჯის ნაწილი.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს კონკრეტული ქმედებები მზარდი პოლარიზაციის დასაძლევად და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა, როგორიცაა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და დეზინფორმაცია.
საბჭო წუხილს გამოთქვამს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების უკუსვლისა და, ზოგადად, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მზარდი შემცირების გამო. კვლავაც აუცილებელია არსებითი ძალისხმევა სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმისთვის, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. არანაკლებ მნიშვნელოვანია კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ძლიერი გამოცდილების შექმნა და, აგრეთვე, ზომების მიღება დეოლიგარქიზაციისთვის.
ეკონომიკურ კრიტერიუმებთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს მომზადების ზომიერ დონეს და შეზღუდულ პროგრესს მოქმედი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში. საბჭო მიესალმება ჯანსაღი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის იმპლემენტაციის გაგრძელებას და მოუწოდებს საქართველოს, გააძლიეროს ცენტრალური [ეროვნული – რედ.] ბანკის დამოუკიდებლობა და განახორციელოს სხვა აუცილებელი სტრუქტურული რეფორმები.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს, სასწრაფო წესით შეასრულოს ვიზალიბერალიზაციის დარჩენილი კრიტერიუმები, მათ შორის, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფით, დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნების აღმოფხვრით და ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფით.
საბჭო აღნიშნავს, რომ გრძელდება საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება.
საბჭო ადასტურებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ ემხრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის მეშვეობით.
საბჭო კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მოლოდინს, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებსა და შემზღუდავ ზომებთან, როგორც უმთავრეს პრიორიტეტთან, სრული შესაბამისობის მისაღწევად, მათ შორის, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიღებული ზომების ჩათვლით, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად. საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პოზიციების საწინააღმდეგო ქმედებებისა და განცხადებებისგან.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის პრევენციისთვის. – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გასცეს რეკომენდაცია, საქართველოში დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესებაზე ევროპელი მინისტრები ვერ შეთანხმდნენ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება „ერთმნიშვნელოვნად ანტიქართულად“ შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა, გამოვეხმაურო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის პროცედურის შემოღების დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში.
ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც არის სერიოზული პრობლემა.
თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ევროკავშირის მიერ ევრობარომეტრის კვლევა, რომლის თანახმადაც, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა საქართველოში არის შემცირებული 6%-ით. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროკავშირის საბჭოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.