ევროპარლამენტარები პრეზიდენტს, ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს შეხვდნენ

1 week ago 4

ევროპარლამენტარების დელეგაცია, რომელიც 11 დეკემბერს ჩამოვიდა საქართველოში, 12 დეკემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

„მწვანეების“ წევრმა რაინიე ვან ლანშოტმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს „არალეგიტიმური ლიდერები“ უწოდა და ისინი „არაკონსტიტუციურ ქმედებებში“ დაადანაშაულა.

მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე და ის, თუ როგორ შეუძლია ქართველ ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად გადაწყვეტა“.

„სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მცდელობაში, გაუძღვეს საქართველოს ევროპული მომავლისკენ“, - წერს რასა იუკნევიჩიანე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმანც:

„ჩვენ გვერდით ვდგავართ თქვენი და თქვენი მამაცი ხალხის გვერდით“, - დაწერა მან X-ზე.

„ევროპარლამენტარები, იქნება ეს რეზოლუციებითა თუ საჯარო განცხადებებით, კვლავ ქართველი ხალხისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას ადასტურებენ“, - უთხრა ჟურნალისტებს მათთან შეხვედრის შემდეგ თინა ბოკუჩავამ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

„ისინი აქ ჩამოვიდნენ, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურონ ქართველ ხალხს მხარდაჭერა ევროპული მომავლის გადარჩენაში მაშინ, როდესაც ივანიშვილმა რუსეთის, რეპრესიებისა და ტერორის გზა აირჩია“, - განაცხადა მან.

სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში ევროპარლამენტარებს არ აქვთ სხვა არჩევანი, „გარდა იმისა, შევხვდეთ მათ, ვისაც ჩაგრავენ, სცემენ, ციხეში სვამენ“.

„არც ერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს მოქალაქეებს ისე, როგორც ის ექცევა“, - განაცხადა მან „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინი დოლიძემ ევროპარლამენტარებთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცადა, რომ მათთან არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის:

„ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესები ქვეყანაში, ასევე აქციები და დემონსტრანტების უკანონო დაკავება, ფიზიკური ანგარიშსწორება, ის რასაც ვხედავთ, ქუჩაში, ადამიანების გატაცებასა და მათ შორის სახლში მისვლა“.

მისი თქმითვე, განხილვების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საპარლამენტო არჩევნები: „დამატებით ვისაუბრეთ ყველა იმ ფაქტზე, რაც ადასტურებს, რომ ეს არჩევნები არ იყო ქართველი ხალხის ნების გამოხატულება“.

ევროპარლამენტარები გეგმავენ, საღამოს 9 საათიდან მივიდნენ საპროტესტო დემონსტრაციაზე რუსთაველის გამზირზე.

ევროპარლამენტარების დელეგაცია 11 დეკემბერს ჩამოვიდა თბილისში. მისი წევრები არიან:

  • რასა იუკნევიჩიენე (ევროპის სახალხო პარტიას (EPP))
  • მიჰალ ჩერბა (EPP)
  • ნატალი ლუაზო („განაახლე ევროპა“ (Renew))
  • ბერნარდ გეტა („განაახლე ევროპა“)
  • ტობიას კრემერი („სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი)
  • რაინიე ვან ლანშოტი („მწვანეები“)
  • სერგეი ლაგოდინსკი („მწვანეები)
სრულად წაკითხვა