ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დეკლარაცია საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ

2 weeks ago 8

5 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ სტრასბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ დეკლარაცია მიიღო, რომელშიც შეშფოთება გამოხატა საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, რასაც წინ უძღოდა ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე.

დეკლარაცია გმობს მშვიდობიანი დემონსტრაციების მიმართ ძალადობის გამოყენებას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოწოდების შესაბამისად, და ხაზს უსვამს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის შეკრების თავისუფლების უფლების ეფექტური დაცვის აუცილებლობას.

ბიურო მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინოს თავშეკავება და მოიძიოს სიტუაციიდან გამოსავალი, კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის გზით. ის „განსაკუთრებით გმობს ძალადობას, რომელიც ამჟამად ხდება საქართველოში ადგილობრივად არჩეული წარმომადგენლების მიმართ“.

დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრი, „საქართველო ვალდებულია პატივი სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს“, რაც საქართველოს ვალდებულებაა, თუ მას ევროპის საბჭოს წევრად დარჩენა სურს.

„…მთავრობის გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძაფრებს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებასთან დაკავშირებით, დაიცვას ევროპული დემოკრატიული პრინციპები და იაროს ევროპული მომავლისკენ, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებებზე ყველა დონეზე“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

დეკლარაცია უბრუნდება ადრინდელ მოწოდებას საქართველოსადმი, დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისი რეფორმების გატარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების საქმეში, როგორც ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიაშია ასახული.

ბიურო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საზოგადოების შემდგომ პოლარიზებას გამოიწვევს, საფრთხეს შეუქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, შელახავს ადამიანის უფლებებს ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის პრინციპებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა