ევროპის საბჭოს 35-ზე მეტი ქვეყანა აცხადებს, რომ ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს

1 week ago 4

ევროპის საბჭოს 35-მა წევრმა ქვეყანამ 11 დეკემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმო პოლიციის ძალადობა და აღნიშნა, რომ „ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დავუჭირით მათ არჩევანს ევროპული მომავლისკენ“. ამასთანავე, 31-მა ქვეყანამ ჟურნალისტიკის უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლებისთვის ევროპის საბჭოს მეგობართა ჯგუფიდან მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას „დაასრულოს“ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ „რეპრესიები“.

განცხადება მინისტრთა კომიტეტში

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში 35-მა ქვეყანამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე 2028 წლამდე, „როგორც ჩანს, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა“. განცხადებაში ირაკლი კობახიძე „პრემიერ-მინისტრად“ არ არის მოხსენიებული.

ხელმომწერები „მკაცრად გმობენ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის“ და „დიდი შეშფოთებით“ აღნიშნავენ ძალადობასა და დაშინებას აქტივისტების, მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და დაშინება და უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი უნდა დაისაჯოს“, – ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნავენ რა „საქართველოს ხელისუფლების უწყვეტ დემოკრატიულ უკუსვლას ქართველი ხალხის საზიანოდ“, ხელმომწერები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი კურსი და „პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და მედიის თავისუფლებას“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კანონები, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული, უნდა გაუქმდეს“.

მეგობართა ჯგუფი

31 ქვეყანა, რომელიც მედიის თავისუფლების მეგობართა ჯგუფს უერთდება, ძალადობის და დაკავების შემთხვევებს, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვებს უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები ევროპის საბჭოს ღირებულებებს ეწინააღმდეგება, არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაა გარანტირებული საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის. ხელმომწერები აცხადებენ, რომ „საქართველოს ხელისუფლებას აქვს კანონიერი ვალდებულება, ნებისმიერ დროს პატივი სცეს ამ უფლებებს“.

მეგობართა ჯგუფი ასევე აღნიშნავს, რომ ეს მოვლენები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიაზე კონტროლისკენ უბიძგებს, რაც ბოლო წლებში დაფიქსირდა ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიცაა უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება. ქვეყნები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს ეს კანონი და „დაასრულოს გადამეტებული ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ, და სრულად სცეს პატივი თავის ვალდებულებებს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების, ასევე მშვიდობიანი შეკრების უფლების მიმართ“.

„ჟურნალისტებს და მედიის სხვა მუშაკებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ მათ მიმართ დაშინების ან ძალადობის გამოყენების შიშის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა