ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ:
"თავისივე ინიციატივით, პრეზიდენტი ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს.
მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე, როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან მოითხოვა ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმის შესახებ, რომ საქართველომ გადაუხვია თავის ევროპულ ტრაექტორიას და ხაზი გაუსვა თავის რწმენას, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად აისახება ის ორიენტაცია, რომელიც არჩეული იქნა ან იქნება.
ის გამოვიდა მოწოდებით, ინკლუზიური დიალოგის შესახებ ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რომელსაც ის კიდევ ერთხელ მიესალმა", - ვკითხულობთ ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ტექსტში.
ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის ზარის შესახებ პირველად "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა ინფორმაცია.
პარტიის განცხადებით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და „ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი“.
მაკრონისა და ივანიშვილის სატელეფონო ზარამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 დეკემბერს, პრეზიდენტმა მაკრონმა პარიზში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის პარალელურად, მიიღო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებულია. ის, ოპოზიციის მსგავსად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
იმავე ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ესაუბრა შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
ბიძინა ივანიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეა. 2024 წლის დეკლარაციის თანახმად, მისი ოჯახი ფლობს უძრავ ქონებას საფრანგეთში.
რადიო თავისუფლებამ ჰკითხა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სალომე ზურაბიშვილმა წინასწარ განიხილა თუ არა პრეზიდენტ მაკრონთან მისი ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.