„ემიგრაციაში ყოფნის დროს თარგმნა დავიწყე, რაც ჩემს დიდ გამართლებად მიმაჩნია“ – დარეჯან კიკოლიაშვილი

3 weeks ago 11

უცხო ენების სპეციალისტი, მთარგმნელი დარეჯან კიკოლიაშვილი წლების განმავლობაში ასწავლიდა ფრანგულ ენას თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, იტალიურ ენას – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში, თუმცა 2007 წლიდან ემიგრაციაშია იტალიაში და ძირითადი საქმიანობის პარალელურად ცდილობს, საყვარელი პროფესია არ დაივიწყოს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ემიგრაციაში ყოფნა მის ცხოვრებაში ახალი, შემოქმედებითი ეტაპის დასაწყისი გახდა – დარეჯან კიკოლიაშვილმა ცნობილი იტალიელი მწერლების ნაწარმოებები თარგმნა, მათ შორის, უმბერტო ეკოს ესეების კრებული „მტრის ხატის შექმნა და სხვა შემთხვევითი ტექსტები“, იტალო კალვინოს „უხილავი ქალაქები“, პრიმო ლევის „განა ეს ადამიანია“, ძალიან მალე კი გამოვა ელზა მორანტეს „არტუროს კუნძულის“ ქართული თარგმანი.

ქალბატონ დარეჯანს nostal.ge იტალიაში დაუკავშირდა.

ქალბატონო დარეჯან, დამეთანხმებით, უცხო ქვეყანაში რომ ჩადიხარ და შეძლებისდაგვარად იქაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ, დიდი გამართლებაა, თუმცა სანამ თქვენს შემოქმედებით საქმიანობაზე ვისაუბრებთ, მოდით, ჯერ ის დრო და მომენტი გაიხსენეთ, როცა გადაწყვიტეთ, რომ საქართველო უნდა დაგეტოვებინათ…

ემიგრანტობამდე ძალიან ხშირად მიწევდა ჩამოსვლა ხან თარჯიმნად, ხან ჰუმანიტარული პროექტით, იტალიას ძალიან კარგად ვიცნობდი, ამიტომ საკმაოდ მშვიდად შევხვდი ამ სიახლეს. საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება უცებ მივიღე, სხვა, პროფესიული გეგმები მქონდა, მაგრამ რთული დრო იყო იტალიისთვისაც, კრიზისი, უმუშევრობა… ისე, რეალურად, საქართველო არასოდეს „დამიტოვებია“.

და მაინც, როგორ გაითავისეთ ის გარემო, სადაც პირველად მოხვდით? რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რის გადალახვაც მოგიხდათ, რა ან ვინ გაძლევდათ სტიმულს?

მიუხედავად იმისა, რომ იტალიის უამრავი ქალაქი მიყვარს, რომში პირველად რომ მოვხვდი, ვიფიქრე, აქ ცოტა ხანს ვიცხოვრებდი-მეთქი. სიახლე და სირთულეც უამრავი იყო, ცხადია. ერთია, როცა ტურისტად ჩამოდიხარ, გარედან აღიქვამ ყველაფერს, სხვაა, როდესაც იტალიურ ოჯახში ცხოვრობ, მუშაობ და ადამიანების ყველა ღირსებას და ნაკლს ახლოდან ხედავ. სტიმული ჩემთვის ყოველდღიურობაა: უნდა ავდგე, გავაკეთო უამრავი საქმე, მოვუსმინო უამრავ ინფორმაციას იტალიის თუ საქართველოს ამბებზე და ამ ყველაფერს „გავუძლო“.

რა გაძლებინებთ?

რა გითხრათ?!.. ჩემს ახლანდელ ცხოვრებას მშვიდად ვუყურებ, რადგან ვიცი, რომ დროებითია. თან სკოლის დამთავრების შემდეგ ოჯახიდან შორს ვცხოვრობდი და ახლა აქ ყოფნა იმ დროის თავისებურ გაგრძელებად მეჩვენება.

თავიდანვე რომში ჩახვედით და დღემდე ამ ქალაქში ხართ?

პირველი ორი თვე იმოლაში ვიყავი, ბოლონიასთან ახლოს, მერე კი სულ რომში – 2007 წელს ჩამოვედი ამ ქალაქში.

საკმაოდ დიდი დრო გასულა… რა სათქმელი გაქვთ ცხოვრების ამ ეტაპზე? რა არის ემიგრანტობა თქვენთვის?

ემიგრანტობა სხვადასხვანაირია. მე ჩამოსვლიდან წელიწად-ნახევარში უკვე შვებულებით დავბრუნდი საქართველოში, თუმცა ისეთ ადამიანებსაც ვიცნობ, წლებია, ოჯახი რომ არ უნახავთ. სხვადასხვა ასაკის, სოციალური მდგომარეობის, განათლების, ხასიათის მიხედვით ემიგრანტობას ყველა თავისებურად აღიქვამს, ჩემი აზრით. ცხოვრების ეს ეტაპიც საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ ადვილი სულაც არ არის ჩემთვის. მერჩივნა, სახლში მყუდროდ მოკალათებულს, კარგი წიგნები მეთარგმნა.

როგორ ფიქრობთ, ცვლის გარემო პირობები ადამიანს?

არა მგონია, ზრდასრულ ადამიანს გარემო პირობები მნიშვნელოვნად ცვლიდეს. ალბათ, უფრო ისაა, რომ მის ზოგ თვისებას მეტად ამჟღავნებს.

თქვენზე რამდენად იმოქმედა, რა თვისება აღმოაჩინეთ, უფრო სწორად, გაამჟღავნეთ საკუთარ თავში?

გარემო პირობები ყველაზე მოქმედებს, მაგრამ რადგან ყოველთვის ჩემთვის მისაღებ პირობებში ვმუშაობ, მგონი, არაფერი შეცვლილა. აგრესიულ ან უინტერესო გარემოში არ ვჩერდები, ადგილს ვიცვლი, აქაურ მეგობრებსაც ამას ვურჩევ. ახალი თვისებები, მგონი, არაფერი აღმომიჩენია, რადგან, ასე თუ ისე, ყველაფერი, ავიც და კარგიც, უკვე გამოვლენილი მქონდა…

საუბრის დასაწყისში მითხარით, რომ „სულ სხვა, პროფესიული გეგმები გქონდათ“, როდესაც იტალიაში ჩახვედით. დღეს რა გეგმები გაქვთ ამ მხრივ?

პროფესიული თვალსაზრისით, მხოლოდ თარგმანისთვის და კერძო მოსწავლეებისთვის ვახერხებ დროის გამონახვას, თუმცა ახლა მოსწავლეებისთვისაც ნაკლებად მრჩება დრო. ძირითადად, ქართველ ბავშვებს იტალიური სკოლის პროგრამის დაძლევაში ვეხმარები. თარგმნის პროცესი ძალიან მაბედნიერებს, სხვა გეგმებზე ხელი ავიღე, როგორც მეორეხარისხოვანზე.

როგორც ვიცი, თარჯიმნის მოვალეობასაც ითავსებდით, ოფიციალურ პირებს ახლდით, მათ შორის, იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას…

დიახ, ეს იყო 2018 წელს, იტალიის პრეზიდენტის ვიზიტისას საქართველოში. უამრავი პროექტი და დახმარება ჩამოიტანა მაშინ სერჯო მატარელამ საქართველოში. ამას წინათ ვფიქრობდი, ნეტავ ერთი მაინც თუ გააკეთეს ჩვენებმა-მეთქი.

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა (მარცხნივ), დარეჯან კიკოლიაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი; 2018 წლის 17 ივლისი, თბილისი

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, განსაკუთრებით 1985 წლიდან, სულ რამდენიმე თარჯიმანი ვიყავით საქართველოში და ძალიან ბევრი სამუშაო გვქონდა. მატარელას ვიზიტის შემდეგ აღარ მითარჯიმნია, მაშინაც იმიტომ შევძელი, რომ იმ მომენტში უმუშევარი ვიყავი და დრო მქონდა.

სამაგიეროდ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი თარგმანებით იტალიასა და საქართველოს შორის ლიტერატურული კავშირების გაღრმავებაზე ზრუნავთ… პირველი იტალიური ნაწარმოები როდის თარგმნეთ?

პირველი თარგმანი 2015 წელს გამოვიდა – უმბერტო ეკოს ესეების კრებული „მტრის ხატის შექმნა და სხვა შემთხვევითი ტექსტები“. ლიტერატურული ტექსტების თარგმნა კულტურათა დაახლოების საუკეთესო საშუალებაა და, საბედნიეროდ, უამრავი ენიდან უამრავი საინტერესო ავტორი ითარგმნება ქართულად მას შემდეგ, რაც რუსული ორბიტიდან გამოვედით.

ქართულიდან იტალიურად თარგმნაზე არ გიფიქრიათ?

მიოცნებია, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს და მხოლოდ შეკვეთებზე ვმუშაობ, საკუთარი ინიციატივის გამოვლენის საშუალება არ მაქვს. საბედნიეროდ, ყველა ავტორი მიყვარს, ვინც მითარგმნია.

საინტერესოა, დრო და საკუთარი ინიციატივის გამოვლენის საშუალება რომ გქონდეთ, უპირველესად რომელ ნაწარმოებს თარგმნიდით?

უამრავია, ვერც გამოვყოფ ერთ რომელიმეს. ჯორჯო აგამბენს, ჩეზარე ბრანდის, იტალიური მაფიის ისტორიას, ფაშიზმის ისტორიას… ამათი თარგმნა გადაუდებელი საჭიროება მგონია. არაერთი მხატვრული ნაწარმოებიც, მაგრამ, პირველ რიგში, პრიმო ლევის გავაგრძელებდი. პოეზიას რომ ვთარგმნიდე, მილანელი პოეტი ალდა მერინი იქნებოდა პირველ ადგილზე ჩემს გეგმებში.

ახლა რას გეგმავთ სამომავლოდ, რას თარგმნით? ფრანგული ნაწარმოებების თარგმნას ხომ არ უნდა ველოდოთ (როგორც ვიცი, ფრანგული ენის ფაკულტეტი გაქვთ დამთავრებული)?

მალე გამოვა ელზა მორანტეს „არტუროს კუნძული“. საქართველოში ფრანგულიდან თარგმნის ხანგრძლივი და შესანიშნავი ტრადიცია გვაქვს, იტალიური კი შედარებით ახალია, ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ იტალიურიდან ვთარგმნი.

რა საერთოს ხედავთ ქართველ და იტალიელ ხალხს, ჩვენს კულტურებს შორის?

იტალია საქართველოსავით ჭრელი ქვეყანაა, ავი და კარგი ორივეგან ერთნაირად არსებობს. ადამიანი ყველგან ადამიანია, მგონი, სამყაროს შექმნიდან ერთნაირი ცოდვა-მადლი ტრიალებს ყველგან.

იტალიელებმა იციან, რომ მსოფლიო კულტურაში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი, ამაყობენ ამით, მაგრამ არასოდეს „ეტოლებიან“ არავის, არასოდეს გამიგონია იტალიელს ეტრაბახოს, მსოფლიოში ყველაზე მაგარი, ყველაზე ლამაზი ქვეყანა გვაქვსო ან რაც მაგრები ვართ, ჩვენა ვართო… არა მხოლოდ იტალიას, როგორც ქვეყანას, არამედ სათითაოდ მის ყველა ისტორიულ რეგიონს საკუთარი დიდი ისტორია აქვს და ისევე განსხვავდებიან უამრავი რამით ერთმანეთისგან, როგორც საქართველოს რეგიონები. კახელს, სვანს, მესხს, ფშაველს და ასე შემდეგ, უამრავი რამ განასხვავებს, მაგრამ ყველას აერთიანებს ეროვნული კუთვნილების შეგნება. ამით, ვფიქრობ, საკმაოდ ვგავართ ერთმანეთს. ხმაურიანი ხალხია, ემოციას თეატრალურად გამოხატავენ, ჩვენსავით გულარხეინები არიან, უყვართ სილამაზე, რასაც აკეთებენ, ლაზათიანად აკეთებენ. მოკლედ, თან ვგავართ, თან – არც ისე. ყველაზე ხშირად სიცილიაზე მიფიქრია, როგორ ვგავართ-მეთქი.

ზოგადად, რა მოგწონთ ყველაზე მეტად უცხოეთში? თუ არის რაიმე ისეთი, რის დამკვიდრებასაც მშობლიურ ქვეყანაში ისურვებდით?

უცხოეთზე ზოგად ფრაზებს მოვერიდები. ყველა ქვეყანა თავისებურია, სხვადასხვა ისტორიული ან კულტურული გამოცდილებით, მაგრამ რასაც ვაკვირდები, ყველაზე მთავარი სიკეთე მაინც კანონის უზენაესობაა. ევროპაში მთავარი ღირებულება ადამიანია. მინდა, ჩვენთანაც ასე იყოს. ანუ მხოლოდ შენი ნათესავი და მეგობარი კი არა, ნებისმიერი ადამიანი ღირებული იყოს და სახელმწიფო მის უსაფრთხო არსებობას უზრუნველყოფდეს. სხვა სიკეთეებიც მინდა, რასაკვირველია: ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, სერვისები, ყოველდღიური ურთიერთობების კულტურა და იმდენი შემოსავალი, რომ არ ვიდარდოთ, ბავშვებს ან მოხუც მშობლებს რა ვაჭამოთ და ჩავაცვათ, ან მკურნალობის ხარჯები რით დავფაროთ. მინდა, ადამიანებს ხვალინდელი დღის ზაფრა არ ჰქონდეთ. ცოტაა, ვისაც ეს არ აწუხებს და არავინ გვითხრას, რომ საშუალო ხელფასი ისაა, რასაც ტელევიზიით გვამცნობენ. რეგიონებში ვინც გაივლის, ამაში ადვილად დარწმუნდება.

რა გიმსუბუქებთ სამშობლოს მონატრებას და ტკივილს, რომელსაც ახლობლების სიშორით განიცდით?

ბევრი კარგი ადამიანია რომში, კარგი მეგობრები მყავს, კარგ ქალაქში ვცხოვრობ… რაც მთავარია, ქართული ეკლესია გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქართველისთვის. ეკლესია ყველა ქვეყანაში ყველა ემიგრანტისთვის საიმედო, მშობლიური ადგილია.

თუ არ ვცდები, რომის სამრევლოს მიერ მოწყობილ ტურებზე ზოგჯერ გიდის მოვალეობასაც ასრულებთ…

ეს ტურები რომის სამრევლოს წინამძღვრის, მამა იოანეს ინიციატივით ტარდება, ძალიან სახალისოა, საოცრად მიყვარს და, ვფიქრობ, ყველა სიამოვნებით დადის ასეთ მომლოცველობით თუ შემეცნებით ტურებზე.

და მათი უმრავლესობა, ცხადია, ქალია. ფაქტია, რომ დღეს ემიგრანტობა, განსაკუთრებით იტალიაში, ძირითადად, ქალებთან იგივდება… როგორ ფიქრობთ, რაშია ქალების ძალა?

ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. მეოცე საუკუნის დასაწყისში უამრავი იტალიელი წავიდა ემიგრაციაში უკიდურესი გაჭირვების გამო, ძირითადად, ამერიკაში. ჯერ კაცები მიდიოდნენ, მუშაობას იწყებდნენ და მერე ოჯახი მიჰყავდათ, ან თავიდანვე მთელი ოჯახი მიდიოდა. არც ინგლისური იცოდნენ, არც რამე განსაკუთრებული ხელობა ჰქონდათ, მათი უმრავლესობა გლეხი იყო და უმძიმესი წლები გაიარეს უცხო გარემოში. უფრო მოგვიანებით გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში მიდიოდნენ, ისევ კაცები (ალბათ გახსოვთ შვეიცარიაში ემიგრანტად წასული, ქერად შეღებილი ნინო მანფრედი ფილმში „პური და შოკოლადი“). ჩვენს ქვეყანაში გადაწყვიტეს, რომ ქალი კაცზე ძლიერია, უკეთ ადაპტირდება, გამძლეობას არ უჩივის… მოკლედ, მადლობა და საყვედური ქართველ ქალებს ერთნაირად ეკუთვნით: საკუთარ თავზე მეტისმეტად ბევრს იღებენ. ქართველი ქალის სისუსტეც და ძალაც ოჯახის უპირობო მორჩილებაშია, ჩემი აზრით. აქაც დავამატებდი, რომ ყველა ემიგრანტის ამბავი ინდივიდუალურია და განზოგადება არ იქნებოდა გონივრული საქციელი ჩემგან.

საკუთარ თავზე რას იტყვით, პირადად თქვენი, როგორც ემიგრანტის, ამბავში რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

პირადად ჩემს ამბავში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ჩემს დიდ გამართლებად მიმაჩნია ის, რომ ემიგრაციაში ყოფნის დროს თარგმნა დავიწყე. საქართველოში ამის დრო არასოდეს მქონია.

ბევრი ადამიანი ცდილობს, გააგრძელოს თავისი საქმე ან ახალი ისწავლოს, მაგრამ უამრავი ადამიანიცაა, რომელსაც ბევრად უკეთესი რამის გაკეთება შეეძლო საქართველოში. უამრავი საინტერესო ქალია, რომელიც ალბათ აღარასოდეს დაუბრუნდება საკუთარ პროფესიას, რადგან პრობლემები არ ილევა, წლები გადის და ადამიანს პრიორიტეტები ეცვლება.

როგორ ხედავთ მომავალს, ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე?

რა თქმა უნდა, ვფიქრობ! სხვანაირად როგორ შეიძლება?!

ემიგრანტებისთვის რა გექნებათ სათქმელი?

საკუთარ თავზეც იზრუნეთ, პატივი ეცით თქვენს შრომას და იტალიაში ყოფნის წლები აქციეთ ახალ რესურსად, ბევრი თვალსაზრისით.

დაბოლოს, დაასრულეთ ფრაზა: ყველგან და ყოველთვის მნიშვნელოვანია…

…არ დაგავიწყდეს, ადამიანი რომ ხარ!

თამარ ოთიაშვილი

სრულად წაკითხვა