WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

21.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის საქმეზე გამოიკითხოს „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ასევე პარტიის ის წევრები, რომლებიც ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა თანამდებობებზე იყვნენ. 

შუამდგომლობის დაყენება თავიდან ხატია დეკანოიძემ დაიწყო:

„ვინაიდან ამ ქვეყანაში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები არის ერთი ადამიანი და იმ ადამიანს წარმომადგენენ ზუსტად ისინი, ვინც აქ სხედან და ვინაიდან ამ ადამიანის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს დაახლოება, ჩვენი მეგობრების გამოძიება, ვაყენებ შუამდგომლობას, რომ დაიკითხონ შემდეგი ადამიანები – პირველად ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ერთპიროვნულად საქართველოს, ვინმე ხომ არ შემეწინააღმდეგება, ან თქვენ ხომ არ შემეწინააღმდეგებით ახლა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად არ მართავს. იმიტომ რომ მდინარაძე რომ შეეწინააღმდეგა, დასაჭერად აქვს ახლა საქმე“, – თქვა ხატია დეკანოიძემ. 

ამ სიტყვების შემდეგ მას სხდომის თავმჯდომარემ, მოსამართლე რევაზ ნადარაიამ და „ოცნების“ დეპუტატებმა სიტყვა გააწყვეტინეს.

დეკანოიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა ძალის გამოუყენებლობაზე მოაწერინოს საქართველოს სახელმწიფოს ხელი – „ზუსტად ეს არის ეს სარჩელი“. 

ამ ფრაზის შემდეგ დეკანოიძეს სიტყვა კიდევ ერთხელ შეაწყვეტინეს და მოგვიანებით პროცესიდან გააძევეს. ის ვერც ერთ პროცესს ვერ დაესწრება თუ პლენუმი არ დააკმაყოფილებს დეკანოიძის შუამდგომლობას სხდომაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.

შუამდგომლობის დაყენება მოგვიანებით ანი წითლიძემ გააგრძელა, მან ჩამოთვალა ის პირები, რომლებიც ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდნენ და ახლა „ოცნებას“ წარმოადგენენ და მოითხოვა მათი გამოკითხვა:

  • გივი მიქანაძე – განათლების მინისტრი;
  • მაკა ბოჭორიშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი;
  • ზურაბ პატარაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე;
  • დავით სონღულაშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • ირაკლი ჩიქოვანი – თავდაცვის მინისტრი;
  • გეკა გელაძე – ამჟამად შს მინისტრის მოადგილე.

„ვითხოვთ, მოწმის სახით დავიბაროთ ადამიანები, რომლებიც დღეს ქართულ ოცნებას წარმოადგენენ და მაშინ ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ და მნიშვნელოვან თანამდებობებზე იყვნენ. მაგალითად ციხის ამბებთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ბატონი გივი მიქანაძე, რომელიც დღეს განათლების მინისტრია ენმ-ის დროს მაღალ თანამდებობაზე იყო, შესაბამისად იმ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც აგერ აქვს „ოცნებას“ თავის სარჩელში, ჩემთან კი არ უნდა იყოს კითხვა, იმიტომ რომ უფრო მეტი იცის ბატონმა გივი მიქანაძემ. […] გვიპასუხოს, სისტემურ დანაშაულში მონაწილეობდა მაშინ, 9 წლის განმავლობაში, როცა იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, და ციხეებზე პასუხისმგებელი ადამიანი?!

ასევე ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრია, ისიც ენმ-ის დროს მუშაობდა არაერთ საელჩოში. როდესაც იმ 9 წლის განმავლობაში გვედავებიან იმას, რომ უცხო ქვეყნის აგენტები ვიყავით ჩვენ და ვასრულებდით უცხო ქვეყნის დავალებას, ეს არის მათ შორის სამართლებრივი არგუმენტაცია, საინტერესოა მაკა ბოჭორიშვილი მაშინ ენმ-ს რომ წარმოადგენდა და საელჩოებში მუშაობდა იყო თუ არა უცხო ქვეყნის აგენტი?!“ – თქვა ანი წითლიძემ. 

წითლიძემ თქვა, რომ პატარაძეც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა ერთ-ერთ საელჩოში და ყველა ჩამოთვლილი პირი იყო სისტემის ნაწილი: 

„აქ ხომ სისტემურ დანაშაულებზეა საუბარი, იმ სარჩელში რაც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ მათ შორის სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია, რასაც გვითვლიან, რომ იყო ე.წ. სისტემური დანაშაული, ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, მაგ დროს სისტემაში მუშაობდნენ. თუ სისტემური დანაშაულების გამო უნდა აგვკრძალოთ და მიიღოთ ეგ გადაწყვეტილება, მაშინ საინტერესოა, რომ ამ ადამიანებმა გვიპასუხონ იმ კონკრეტულ კითხვებზე, რაც ჩვენც გვაქვს და წესით თქვენც უნდა გქონდეთ, მართლა სისტემური იყო თუ არა ის დანაშაულები თუ იტყუება ქართული ოცნება?“ – თქვა ანი წითლიძემ.