ლონდონის "ჩელსის" არგენტინელი ნახევარმცველი, ენცო ფერნანდესი ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაში შევიდა. ლისაბონის "ბენფიკადან" 121 მილიონ ევროდ ნაყიდმა შუახაზელმა, როგორც იქნა, გაცემული ავანსების გამართლება დაიწყო, ამაში უდიდესი წვლილი კი "არისტოკრატების" მთავარ მწვრთნელს, ენცო მარესკას მიუძღვის.
საწყის სირთულეებსა და იტალიელი სპეციალისტის ხელში განცდილ პროგრესზე ენცო ESPN-ს გაესაუბრა.
"როცა აქ მოვედი, გამიჭირდა. პირველ წელიწად-ნახევარში მწვრთნელები იცვლებოდნენ, კლუბს საქმე კარგად არ მისდიოდა, მქონდა ტრავმები...
ჩემში გადახდილ თანხას ჩემზე გავლენა არასდროს მოუხდენია. ვეცადე, რომ ამას პასუხისმგებლობითა და სიამოვნებით მივდგომოდი, ოღონდ ზეწოლა არ მეგრძნო. არ ვიყავი კმაყოფილი ჩემი თამაშით. შემდეგ ტრავმა მივიღე. ბევრი ცუდი რამ მოხდა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ. გუნდშიც ანალოგიური განწყობაა და იმედი მაქვს, ამ გზას გავყვებით.
შევისწავლე პოზიცია, რომელზეც უნდა მეთამაშა და გავიგე, თუ რა სურდა ჩემგან მარესკას. მან ყველაფერი დაწვრილებით ამიხსნა. თამაშის წაკითხვა დავიწყე. მიუხედავად ამისა, წინ მაინც გრძელი გზაა.
გუნდმა ძლიერი ხასიათი გამოავლინა. შრომას არ ვწყვეტთ და ვიცით, რომ დიდებულ რაღაცებს შეიძლება მივაღწიოთ," - თქვა ახალგაზრდა ნახევარმცველმა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში ფერნანდესმა თავი 3 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. "ჩელსისთან" კონტრაქტი მას 2032 წლის ივლისამდე აკავშირებს, Transfermarkt-ზე კი 75 მილიონ ევროდაა შეფასებული.