ესტონეთი კობახიძესა და 14 სხვა თანამდებობის პირს დარბევის გამო სანქციებს უწესებს

5 days ago 6
აქციის მონაწილეები დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სასტიკი და რეპრესიული ზომების მიღების გამო დამატებითი სანქციები გამოაცხადა 14 ქართველი თანამდებობის პირისა და მოსამართლის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიმართ. ეს გადაწყვეტილება წინ უძღვის 16 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებზე იმსჯელებს.  

„ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ, მიუღებელია, დანაშაულებრივია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების წინააღმდეგ“, – ნათქვამია ცაჰკნას განცხადებაში. „მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირება მოახდინონ იმაზე, რაც ხდება საქართველოში და კონკრეტული ზომები დააწესონ მათ წინააღმდეგ, ვინც მიმართავს არასათანადო ძალას და სასტიკ ძალადობას საქართველოს ხალხის მიმართ და ძირს უთხრის დემოკრატიას“.

სანქციები შეეხო შემდეგ თანამდებობის პირებს:

  • კობა ჩაგუნავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
  • გიორგი გაბიტაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურორი
  • ნინო ენუქიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
  • კახაბერ კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
  • კოკა კაციტაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
  • ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი
  • გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
  • მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
  • ლელა მილდენბერგერი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
  • დიმიტრი სამხარაძე, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი
  • ლელა ცაგარეიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
  • მანუჩარ ცაცუა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
  • ზვიად ცეკვავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
  • თეა წულუკიანი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი

ესტონეთმა სანქციები ამ დროისთვის 25 ქართველ ჩინოვნიკს დაუწესა. ბოლო ზომები მოჰყვა მზარდ საერთაშორისო კრიტიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციების დარვებასთან დაკავშირებით. მოქალაქეების მასშტაბურ პროტესტს წინ უძღოდა კობახიძის განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე.

საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებასთან ერთად, საერთაშორისო მოკავშირეები სულ უფრო ინტენსიურად გმობენ ხელისუფლების ქმედებებს და ცდილობენ მზარდი ზეწოლა მოახდინონ მასზე, რათა შეცვალოს ტრაექტორია და ევროინტეგრაციის კურსს დაუბრუნდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა