ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოსთან დაკავშირებით ვენის მექანიზმი აამოქმედა

2 weeks ago 9

ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ ეუთოს ვენის მექანიზმი აამოქმედა. მათ ღრმა შეშფოთება გამოხატეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტის შემდეგ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განვითარებული მოვლენების გამო და საქართველოს კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდეს. საქართველოს ელჩის ალექსანდრე მაისურაძისადმი 20 დეკემბერს მიწერილ წერილში საქართველოს მოუწოდებენ კონკრეტული და არსებითი პასუხი გასცეს რიგ შეშფოთებებს, ადამიანური განზომილების სფეროში მის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

აღნიშნავენ რა, რომ საქართველოში „მშვიდობოანი საპროტესტო აქციების მნიშვნელოვანი ტალღაა”, ეუთო-ს წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ პოლიციის მიერ ასობით ადამიანის დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობაში ჩარევისა და მათ მიმართ ძალადობის შემთხვევებს ჰქონდა ადგილი.

ხელმომწერების თქმით, შევიწროების, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ეს ქმედებები, შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანის უფლებების დარღვევას და არასათანადო მოპყრობას. ისინი საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებებს იშველიებენ, რომელმაც დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენება და რომელიც „ეჭვობს, რომ მოქალაქეების მიმართ უკანონო ძალადობა გამოიყენება სასჯელის სახით, რომელიც შესაძლოა წამების აქტს წარმოადგენდეს“.

„გარდა ამისა, არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფიქსირა ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია მიმდინარე საპროტესტო აქციებთან, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“, – ნათქვამია წერილში, რომლის თანახმადაც, „სისასტიკის დოკუმენტირებული შემთხვევების მიუხედავად“, ამ დარღვევების ჩამდენი სამართალდამცველები პასუხიგებაში არ მიუციათ.

ეუთოს წევრები ასევე გამოხატავენ „სერიოზულ შეშფოთებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევების, ასევე დაუდგენელი ჯგუფების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების მიმართ ძალადობის გამოყენების გამო, რაც სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოუძიებელი დარჩა“.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს დამნაშავეთა პასუხისგებაში მიუცემლობა და გადამეტებული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული იმ ინციდენტების გამოუძიებლობა, რომლებშიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, და დასძენს, რომ გასულ წლებში საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია საკმარისი ზომები დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ან ამგვარი ინციდენტების საფუძვლიანად გამოძიებისა და აღმოფხვრის მიზნით. წერილში ნათქვამია, რომ ამგვარი ტენდენცია ხაზს უსვამს უფრო ძლიერი მექანიზმების საჭიროებას დაუსჯელობის თავიდან ასაცილებლად და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

ხაზი გაუსვეს რა, რომ „1991 წლის მოსკოვის დოკუმენტში ეუთოს მონაწილე სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ადამიანური განზომილების სფეროში აღებული ვალდებულებები წარმოადგენს ყველა მონაწილე სახელმწიფოს პირდაპირ და ლეგიტიმურ წუხილს და არ განეკუთვნება ექსკლუზიურად დაინტერესებული სახელმწიფოს შიდა საქმეებს“ და აღნიშნეს რა „საქართველოს არადამაკმაყოფილებელი პასუხი საერთაშორისო მოწოდებებზე, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული დემონსტრანტები“, ეუთოს წევრები აცხადებენ, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, აამოქმედონ ვენის (ადამიანური განზომილების) მექანიზმი.

ხელმომწერებმა თავიანთი წუხილები ჩამოთვალეს, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, თვითნებური დაკავებები და დაპატიმრებები, პოლიტიკური ოპოზიციის მიზანში ამოღება, ჟურნალისტების მიზანში ამოღება და არასათანადო მოპყრობა, რაც შეიძლება წამებას წარმოადგენდეს.

საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, ხელმომწერი მხარეები ითხოვენ კონკრეტულ და არსებით პასუხებს წერილობით ათი დღის ვადაში, ვენის (ადამიანური განზომილების) მექანიზმის შესაბამისად. სხვა საკითხებთან ერთად, ეუთოს წევრმა ქვეყნებმა დეტალური პასუხები მოითხოვეს შემდეგზე:

  • რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ იმ ბრალდებების გამოსაძიებლად, რომ ირღვევა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება, რომ თვითნებურად აკავებდნენ და აპატიმრებენ ადამიანებს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში და რომ პოლიცია მოქმედებდა იდენტიფიკაციის გარეშე მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა საპირისპიროს მოითხოვს?
  • რა ნაბიჯები გადაიდგა წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ბრალდებების გამოსაძიებლად?
  • რა ნაბიჯები გადაიდგა დაუდგენელი ჯგუფების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების, მედიის წამომადგენლებისა მიმართ ძალადობის შესახებ ბრალდებების გამოსაძიებლად, ასევე, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების განზრახ უმოქმედობის საპასუხოდ?
  • რა ნაბიჯები გადაიდგა სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და მედიააქტორების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, საპროტესტო გამოსვლები თავისუფლად, რეპრესიების ან მათი პირადი ჯანმრთელობის საფრთხის გარეშე გააშუქონ?
  • რა ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა შეძლონ გააგრძელონ თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა მუქარისა და ძალადობის გარეშე? რა ზომებია მიღებული პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული პრინციპების დასაცავად?

წერილს ხელს აწერენ: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა