ეუთო/ოდირი: ვგმობთ საქართველოში საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას

3 weeks ago 8

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების დროს სამართალდამცავების ქმედების გამო და მიაჩნია, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ხელკეტების გამოყენება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას არღვევს“.

განცხადებაში წერია, რომ სამართალდამცველები არაპროპორციულ ძალას იყენებენ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, მშვიდობიანი შეკრების უფლება კი არის თავისუფლება, რომელიც ყველა დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია და ეუთოს წევრი ყველა სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ „ყველას ექნება მშვიდობიანი შეკრებისა და დემონსტრაციის უფლება“.

ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისად, აუცილებელი და სიტუაციის საჭიროებების პროპორციული.

„ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით და სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოდირის განცხადებით, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების როგორც კანონით, ასევე პრაქტიკაში უზრუნველყოფის ვალდებულება ეუთოს წევრმა ყველა სახელმწიფომ აიღო.

„ოდირი ეუთოს რეგიონის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ თავიანთ ვალდებულებებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებასა და ყველა სხვა ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი სცენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი.

აქედან, აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების - 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს - 2 წარმომადგენელია.

უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.

ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ღამით, გამთენიამდე დააკავეს 107 მომიტინგე.

29/30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პოლიციელებმა დემონსტრანტებს სხვადასხვა მხრიდან შემოარტყეს წრე, კედელთან მოიმწყვდიეს - და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ნაწილი დააკავეს.

არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.

სრულად წაკითხვა