ექიმები აქციების დასაშლელად ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ პეტიციას ავრცელებენ

2 weeks ago 8

ექიმები რუსთაველის გამზირზე, დემონსტრანტების დასაშლელად ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ პეტიციას ავრცელებენ.

პეტიციას ხელს უკვე აწერს 885 სამედიცინო მუშაკი.

როგორც ექიმების განცხადებაში ვკითხულობთ, საპროტესტო აქციების პერიოდში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების მიერ მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, კლინიკებს ყოველდღიურად სულ უფრო ბევრი ადამიანი აკითხავს.

ექიმები ამბობენ, რომ მწვავედ მიმდინარე სიმპტომების გარდა, შეუძლებელია ამ ტოქსიკური ნივთიერებების შემდგომი შედეგების პროგნოზირება.

მათი განცხადებით, ამ საკითხზე მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაა, რომელიც პარალელურად, მუდმივად, ღიად უნდა აფრთხილებდეს ძალოვან სტრუქტურებს არ გამოიყენონ ეს პრაქტიკა დემონსტრანტების დასაშლელად:

„CDC-ის ინსტრუქციებში ხაზგასმით წერია, რომ მსგავსი ქიმიური აგენტების მიერ ადამიანისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმე დამოკიდებულია სხვადასხვა ენდო და ეგზოგენურ ფაქტორებზე. ქვეყანაში უამრავი ქრონიკული დაავადების მატარებელი პირია, მკვეთრადაა გაზრდილი ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი, მათ შორის ახალგაზრდა პოპულაციაში.

ჩვენი, ექიმების საფუძვლიანი შეშფოთების მიზეზია აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივი და მასიური გამოყენება, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს აღნიშნულ ფონს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, აუცილებლად მიგვაჩნია, ჯანდაცვის სამინისტრომ მოახსენოს საზოგადოებას და, პირველ რიგში, მედიცინის მუშაკებს, რა ქიმიური აგენტები იქნა გამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების მიერ.

ეს საშუალებას მოგვცემს, სპეციფიკური მკურნალობის გზით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განვახორციელოთ აღნიშნული ნივთიერებებით დაზიანებული ადამიანების დახმარება“, - წერია პეტიციაში.

ექიმები მოითხოვენ:

  • სასწრაფოდ შეასრულოს სახელმწიფომ თავისი ვალდებულება და გაასაჯაროოს რა ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული აღნიშნულ პერიოდში.
  • დაუყოვნებლივ შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება.

7 დეკემბერს, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ 6-7 დეკემბრის ღამეს კლინიკაში გადაყვანილ ადამიანს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც აღენიშნებოდათ ინტოქსიკაცია.

მეათე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი აირი.

სრულად წაკითხვა