“ვაი მის დედას და მამას,ვაი ჩვენ დღეს,შევიშალე ამ კადრების ნახვის შემდეგ..” – ნახეთ რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მეტროში დაღუპულ ბიჭზე

1 week ago 288

გუშინ თბილისში, მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ შემზარავ ფაქტს სამართალდამცველები ამ დრომდე იძიებენ. 30 წლის ლაშა ამირეზაშვილის სასტიკ მკვლელობას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ლაშა მეტროში მატარებლის მოსვლას ელოდებოდა, როცა მოულოდნელად, ხალხის თვალწინ, მას მამაკაცმა ზურგიდან ხელი ჰკრა და ლიანდაგში ჩააგდო. უმძიმესი ტრაგედიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
ძნელია, ამ კადრებს ემოციების გარეშე უყურო.
კადრებშიც ჩანს, რომ მაშინვე ატყდა ჩოჩქოლი, მემანქანემაც სცადა დამუხრუჭება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარ შეძლო და ბიჭი უამრავი ხალხის თვალწინ, ადგილზე დაიღუპა.
ყველაფერი ისე წამებში მოხდა, რომ მემანქანემ მატარებლის გაჩერება ვერ შეძლო. ცნობილია, რომ იქვე დააკავეს დამნაშავე. პოლიციის მისვლამდე მისი დაკავება უბრალოდ გამვლელმა და მეტროს ერთმა თანამშრომელმა შეძლო. როგორც ირკვევა, დამნაშავე არ იცნობდა მოკლულ ახალგაზრდას. გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდოა, რომ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რადგან ფაქტის თვითმხილველების თქმით,

მას არაადეკვატური ქცევები ჰქონდა და იმასაც ამბობენ, იცინოდაო.
რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება, ეს, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი და, ალბათ, დაკავებულს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. რა ჩვენება მისცა დამნაშავემ გამოძიებას, ეს მოგვაინებით გახდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, 30 წლის მამაკაცი ლაშა ამირეზაშვილია, კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკის მაცხოვრებელი. მომხდარს ძალიან განიცდიან მის სოფელში.
ჩვენ ვესაუბრეთ მერის წარმომადგენელს სოფელ ზემო ხანდაკში -ვლადიმერ მარღიშვილს:
– ლაშა ჩვენი მაცხოვრებელია და ვიცნობდი, რა თქმა უნდა. მისი ოჯახი აქ ცხოვრობს, ერთი და ჰყავს. თბილისში, დაახლოებით, 5-6 წელია, რაც დადიოდა და მუშაობდა. ამ ბოლო დროს არ დამინახავს სოფელში. კარგი ბიჭი იყო, ნორმალური, 1994 წელს არის დაბადებული, 30 წლის, არ არის დაოჯახებული. მამა მუსიკოსია. მომხდარზე არაფერი ვიცით. ამ დილით გავიგე ეს ამბავი და დეტალები არ ვიცი, ჯერ არ გადავსულვარ ოჯახში, რადგან არ იყო ცხედარი მოსვენებული. უბანშიც არავინ არაფერი იცის: ვინ იყო დამნაშავე და არ ვიცით, რა უნდოდა მასთან. ლაშა აგრესიული ბიჭი არ იყო, არც კონფლიქტური, რომ ვინმესთვის რამე დაეშავებინა, რატომ უნდა მომხდარიყო ეს?.. ყველანი ძალიან ვწუხვართ და თანავუგრძნობთ ოჯახს.

ჩვენ, ასევე, ვესაუბრეთ ლაშას ბიძაშვილს, ნათია ქამხაძეს, რომელიც ახლა უცხოეთშია და იქ დასტირის ლაშას, მას ძალიან გაუჭირდა საუბარი და ტირილით გვიამბო:
– ლაშა ჩემი მამიდაშვილია, შოკში ვარ, არ ვიცი, რა ვთქვა. რატომ გაიმეტა ჩემი ლაშა?!

გუშინ, ეს კადრები რომ გავრცელდა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ლაშა იქნებოდა. კადრებშიც კარგად ჩანს, თავისთვის იდგა და უცებ ჰკრა ხელი.

ადამიანი არ არსებობს, ლაშა რომ არ ჰყვარებოდა. არავის არაფერს დაუშავებდა. თბილისში პერიოდულად ჩამოდიოდა სამუშაოდ, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა კასპში. ადრე თბილისში ცხოვრობდნენ, მაგრამ ბოლო წლებია, სოფელში გადავიდნენ, რადგან ლაშას მამას იქ ჰქონდა სამსახური.

ვაი, მის დედას, ვაი, მის მამას, ჩვენს დღეს, ეს რამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს! ღმერთი ხომ არის მოწმე, რომ არავისთვის არაფერი დაუშავებია! 15 წელია, ემიგრაციაში ვარ, ამ ზაფხულს ვიყავი ჩასული სოფელში და მთელი ზაფხული ერთად გავატარეთ, ჩემი საყვარელი მამიდაშვილია. ვტირი ჩემს ლაშას. უკეთილშობილესი ბიჭი იყო, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დახმარება დასჭირვებოდა და არ დახმარებოდა. მას ერთი და ჰყავს.

უსაყვარლესი, უთბილესი ოჯახია, მთლიანად ჩემი ოჯახი – ყველანი კარგები არიან. არავის არაფერს ვუშავებთ და რატომ ხდება ამხელა ტრაგედიები ჩვენს ოჯახში, როგორ გავუძლოთ ამას?!

მარტო იყო, კადრებშიც ჩანს, თავისთვის იდგა და ხელი ჰკრა, ზურგით გადავარდა, ის მატარებელიც ისე ახლოს იყო უკვე, მემანქანეც ვერაფერს იზამდა.

რატომ გაგვანადგურა იმ დამნაშავემ, ვინ არის, რას ერჩოდა, რატომ მოგვიკლა? ჩემს ხელში გაიზარდა ლაშა, მისი დაბადებაც კი მახსოვს, როგორი ლამაზი იყო, რამდენჯერ დამიძინებია. რა მძიმეა ახლა ეს ყველაფერი ჩემთვის. მოკლა ოჯახი. რა მწარეა ამ კადრების ნახვა… ვაიმე, ჩემო ლაშა, საშინელება ხდება და არ ვიცი, როგორ გავუძლოთ. უდანაშაულო, სიცოცხლით სავსე ლაშა მოგვიკლეს.

იმდენი ტრაგედია გადავიტანეთ… 1996 წელს 33 წლის ასაკში მამა მომიკლეს, ქვეგანყოფილებაში სამძებროს უფროსი იყო – გიორგი ქამხაძე და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს. სიკვდილის შემდეგ მისცეს ვახტანგ გორგასლის ორდენი, მაგრამ ეს რას შველის ამხელა ტრაგედიას. მერე, ჩემი მამიდაშვილი და ლაშას დეიდაშვილი – 29 წლის გოგიტა პატარკაციშვილი მოგვიკლეს და დღემდე არ ვიცით, რატომ. გოგიტა სააკაშვილის პირად დაცვაში იყო, რესტორანში წავიდნენ საქეიფოდ და იქ ვიღაცამ ეტყობა, ხელი ჰკრა, არაგვში ჩავარდა და დაიღუპა. ეს საქმე დღემდე გამოძიებული არ არის. მაშინ უამრავი ვერსია იყო, მერე თქვეს, თვითონ ჩავარდაო და არც კი ვიცით, ვინ მოგვიკლა გოგიტა, ბურუსით მოცულია ეს ამბავი და ახლა ახალი დიდი უბედურება. შიში მიპყრობს, გარეთ გასვლა საშიში გახდა.
როგორ გავუძლოთ ამხელა ტკივილს?!

ყველა დედას დაულოცე მისი შვილი, არავინ მოასწროს ამხელა უბედურებას.

შოკში ვარ. ვბრაზდები. რას ამბობს გამოძიება, რას ამბობს მკვლელი, რატომ გაგვანადგურა. შევიშალე ამ კადრების ნახვის შემდეგ. როგორი ბოროტი უნდა იყო, რომ ადამიანი ასეთი სიკვდილისთვის გაიმეტო? სიტყვები არ მაქვს, გული მტკივა და ვტირი. ლაშა იყო სიკეთე, არაფერი ცუდი მის ცხოვრებაში არ ყოფილა, ჩემი რომ არის, იმიტომ კი არ ვამბობ. ფოტოგრაფია უყვარდა ძალიან, სურათების გადაღება იყო მისი ჰობი. მხიარული, მეგობრული, განსხვავებული, პიროვნულად, ყველაფრით შემკული ბიჭი იყო.

ლაშას კიდევ ერთი ნათესავი ამბობს, რომ მკვლელზე ინფორმაციას არ ფლობენ. მათი ვარაუდით, ლაშა დამნაშავეს არ იცნობდა.
“ლაშა ჩემი ბიძაშვილია, ძალიან კარგი ადამიანი იყო, არავისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია. სიზმარში გვგონია ყველას თავი, ვერავინ წარმოვიდგენდით ასეთ სიტუაციას, სამწუხაროდ. ძალიან ძნელია, სიტყვებით გადმოსცე, რა ხდება მის ოჯახში, მის სანათესაოში. ძალიან მძიმე ტრაგედია დაგვატყდა თავს და ველოდებით პასუხს – რატომ მოხდა ეს ყველაფერი?

იმედია, გავარკვევთ. ამ ეტაპზე, სხვა არაფერი ვიცით. ის არ იცნობდა დამნაშავეს. დაკავებულიც ამბობს, თურმე, არ ვიცნობდიო. ველოდებით გამოძიებას, რა და როგორ მოხდა. ჯერ ცხედარიც არ მოგვისვენებია სახლში”, – ამბობს მომხდარით შეძრული ლაშას ბიძაშვილი.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, ვნახოთ, რა გაირკვევა და რა ინფორმაციას გაავრცელებენ სამართალდამცველები.

“კვირის პალიტრა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს.

(სპეციალურად საიტისთვის)
წყარო:savednwes.cc

სრულად წაკითხვა