ვაშინგტონში ხელი მოეწერა ამერიკა-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შექმნას

6 hours ago 3

შეერთებული შტატების დედაქალაქში საფუძველი ჩაეყარა სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას. შესაბამის დოკუმენტს 14 იანვარს ხელი მოაწერეს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

ინფორმაციას ერევანში შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. ორი ქვეყნის ორმხრივი თანამშრომლობა აჩვენებს მათ "საზიარო ერთგულებას უფრო მტკიცე, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დამოუკიდებელი სამხრეთ კავკასიის მიმართ", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შეერთებულმა შტატებმა 2021 წლის შემდეგ, სომხეთში $3.3 მილიარდზე მეტი ინვესტიცია ჩადო ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების თუ ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად, ასევე მისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით.

"სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 14 იანვარს ამერიკა-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისია შექმნეს, რაც ერთ-ერთი ბოლო მიღწევაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში... ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და ჩვენ ერთად ვმუშაობთ ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებაზე; დემოკრატიის, სამართალდაცვისა და ინკლუზიურობის გაძლიერებაზე და ხალხთა შორის გაცვლის გაღრმავების მიმართულებით", - ამბობს მხარეების მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადება.

რუსეთის რეაქცია

კრემლი იმავე დღეს გამოეხმაურა სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. კრემლის განცხადებით, რუსეთი აფასებს მჭიდრო ურთიერთობებს სომხეთთან. ამასთან, მოსკოვი შენიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილიზაციაში როლი არასდროს უთამაშია.

„რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები ყველა შესაძლო გზით ცდილობს ახალი ქვეყნების საკუთარ ორბიტაზე მიზიდვას“, - განაცხადა პესკოვმა 14 იანვარს, ჟურნალისტებთან გამართულ ყოველდღიური ბრიფინგზე და იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონს "სამხრეთ კავკასიაში მაინცდამაინც მასტაბილიზებელი როლი არასდროს შეუსრულებია, შეიძლება ითქვას, რომ ამის საპირისპირო როლსაც კი თამაშობდა".

პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთს სუვერენული უფლება აქვს, განავითაროს კავშირები ნებისმიერ ქვეყანასთან. მაგრამ, კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსეთი აფასებს თავის ურთიერთობებს სომხეთთან და "მათ შემდგომ განვითარებას გეგმავს".

სრულად წაკითხვა