ვგმობთ ძალადობას საკუთარი თანამემამულეების მიმართ – ისტორიკოსთა მიმართვა

2 weeks ago 14

უახლესი ისტორიის ცენტრის ინფორმაციით, ქართველი ისტორიკოსები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და თანამემამულეების მიმართ ძალადობას გმობენ.

ასევე, ისტორიკოსები პროტესტს აცხადებენ ქართველი ერის ნების საწინააღმდეგოდ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მცდელობას და მხარს უჭერენ ყველა თაობის წარმომადგენლის ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობის, ისტორიული არჩევანისა და უკეთესი მომავლისათვის.

“საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება. ეჭვის ქვეშ დადგა სახელმწიფოს ოფიციალური მისწრაფება ევროინტეგრაციის მიმართულებით მაშინ, როდესაც ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანი გაცხადებულია. ქართველმა ისტორიკოსებმა კარგად იციან, რომ ევროპა ის ცივილიზაციური სივრცეა, საითკენაც საქართველო ყოველთვის მიისწრაფვოდა. სწორედ ევროინტეგრაცია არის დღესაც ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საუკეთესო ხელშემწყობი.

ერის ისტორიული ნების დასაცავად გამოსული მოქალაქეების წინააღმდეგ ხორციელდება სადამსჯელო ოპერაცია, თავისუფალი აზრის ჩახშობა ხდება სასტიკი მეთოდებით. ქვეყანაში იქმნება სამოქალაქო დაპირისპირების ფეთქებადსაშიში გარემოება. საშიში პარალელები ჩნდება 1921 წლის თებერვლის ოკუპაციასთან, 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან ოპერაციასთან და 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალებასთან.

ვაცნობიერებთ რა შექმნილ ვითარებას, ვგმობთ ძალადობას საკუთარი თანამემამულეების მიმართ, პროტესტს ვუცხადებთ ქართველი ერის ნების საწინააღმდეგოდ საგარეოპოლიტიკური კურსის შეცვლის მცდელობას და მხარს ვუჭერთ ყველა თაობის წარმომადგენლის ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობის, ისტორიული არჩევანისა და უკეთესი მომავლისათვის.

სამოქალაქო დაპირისპირებისა და ყოვლისმომცველი კრიზისის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებად მიგვაჩნია ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ჩატარება, რათა სახელმწიფო მშვიდობიანი გზით დაუბრუნდეს სამართლებრივ მდგომარეობას,” – წერია განცხადებაში. 

სრულად წაკითხვა