წაკითხვა: 2
მე ვგმობ ძალადობას ყველა მხრიდან, ვგმობ იმ გადაცდომებსაც სამართალდამცავების მხრიდან, რომელიც მართალია ერთეული შემთხვევები იყო, მაგრამ იყო სამწუხაროდ, – განაცხადა მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„საშინელ აგრესიას ვხედავთ მომიტინგეებისგან, ჩვენ ასეთი რამ საერთოდ არ გვინახავს არასდროს. დღეს თეატრებთან, სამინისტროებთან, დაწესებულებებთან დგანან ადამიანები, ჩვენი თანამედროვეები და ლაპარაკობენ იმაზე, რომ აქცია იყო მშვიდობიანი და რომ აქციაზე არც ერთ მომიტინგეს არაფერი არ დაუშავებია.
მაშინ რით იზომება ადამიანების მორალი, მაშინ ზნეობის ინდიკატორი რა არის. თუ ასეთი უტიფრობა და ტყუილების თქმა შეგიძლია, მაშინ სად არის ზნეობა და სად არის ჩვენი უფლებები, რომლებმაც ამ ხელისუფლებას 4 წლიანი მანდატი მივანიჭეთ და არ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ხმები გაყალბებულია.
როგორც არასდროს არაფრის არგუმენტი არ აქვთ, როგორც ვერც ერთი ფაქტი ვერ დადეს იმის, რომ არჩევნები გაყალბდა, როგორც ვერც ერთი გონივრული აზრი იმის შესახებ, რომ ეს ხელისუფლება მიგვაქანებს რუსეთისკენ, ჩვენ ვერ მოვისმინეთ და ვერც ერთი ფაქტით ვერ გვიდასტურებენ, ასეთი სიმართლეა ისიც, რომ რუსთაველის თეატრის სახურავიდან ავიდნენ სპეცრაზმელები სახურავზე.
მშვიდობიანი აქციააო დღესაც იმას გვეუბნებიან და ვეკითხები მე იმ ადამიანებს, მაშინ რა შინაარსის არის არამშვიდობიანი აქცია. საპროტესტო აქციებით ჩვენ ვერ გაგვაკვირვებენ, 1978 წლიდან მოყოლებული, სკოლის მოსწავლე ვიყავი როდესაც გავიპარეთ და დავიცავით დედაენის დღე, 9 აპრილი, ყველაფერმა გაიარა ჩვენზე და ჩვენ გვეძახიან რუსის მონებს? ვისაც ახლა დღეს, ეს ქვეყანა, ამ ქაოსსა და წარღვნაში უნდა რომ მოაქციოს, სწორედ ისინი არიან მართლა, ნამდვილი პუტინის მონები.
ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა სალომე ზურაბიშვილის მოწოდებამ, რომ სკოლები და ბაღები და ბავშვები უნდა გაფიცულიყვნენ და პატარა ბავშვები სასტვენებით და პლაკატებით დააყენეს ქუჩაში, რომ უნდათ ევროპული მომავალი და არ უნდათ ჩელიაბინსკი“, – აღნიშნა ნანა ლორთქიფანიძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს