“ვემსახურებით ხალხს” – საჯარო მოხელეები მარშს გამართავენ

1 week ago 4

ვემსახურებით ხალხს, სახელმწიფოს და ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას” – ამ მთავარი სათქმელით სხვადასხვა სამინისტროებში, აიპებსა და სიპებში დასაქმებული მოქალაქეები დღეს, 11 დეკემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო მარშს გამართავენ.

საჯარო მოხელეები გეზს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან აიღებენ და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც უკვე მე-14 დღეა, ევროპული მომავლის მცველები მტკიცედ დგანან.

საჯარო მოხელეების თქმით, მოვიდა დრო,  ხმა აიმაღლონ, რადგან მათივე განმარტებით, თუ ახლა შეშინდებიან და ქვეყნის ევროპულ მომავალზე უარს იტყვიან, მძიმე დანაშაული იქნება.

საჯარო სამსახურებშიც იგრძნობა ის, რომ ცდილობენ ჩვენი თავისუფალი აზრის, სიტყვის შეზღუდვას. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ინსტიტუციური მეხსიერება, ჩვენ ვერ ვიმუშავებთ ვერცერთი კონკრეტული პარტიისათვის. დღეს შიში ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ვაბრუნებთ ძალიან ცუდი წარსულისაკენ. საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მივდივართ არასწორი კურსით. ჩვენ ვრჩებით სრულიად დაუცველნი და ვკარგავთ იმ მიღწევებს, რაც აქამდე გვქონდა.

ის დაშინების კამპანია, რომელიც კვირაზე მეტია გრძელდება, თავიდან რეორგანიზაციის გამოცხადება, შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღძრული საქმე, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას ეხება და მინიშნება იმაზე, რომ ჩვენი თავისუფალი აზრისა და კონსტიტუციური უფლების გამოყენება ამ საქმის ნაწილი შეიძლება გახდეს, შემდეგ რეორგანიზაციის კანონი, რომელიც ახლა მიიღება. ეს ყველაფერი დაშინების განცდას ქმნის. ჩვენ სახალხო დამცველსაც მივმართეთ”, – ამბობს საჯარო მოხელე. 

სრულად წაკითხვა