არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მოთხოვნებზე, რომელიც რეჟიმის მიმართ აქვთ – მოძალადე პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა, უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ახალი არჩევნები:
სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ იქნენ მიცემულნი პასუხისგებაში ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ძალადობდნენ ახალგაზრდა მომიტინგეებზე. ყველამ ვნახეთ ფიზიკური ძალადობის კადრები, ყველამ ვნახეთ ის შემზარავი კადრები, რომლებიც ვრცელდება მთელ საქართველოში და უკვე მთელ მსოფლიოში. ადამიანები, რომლებიც ამას ჩადიოდნენ სასწრაფოდ უნდა იქნენ მიცემულნი პასუხისმგებლობაში. ვერ გაექცევა ის ხალხი პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ამაზე აკისრიათ.
“ქართულმა ოცნებამ” მთელი სახელმწიფო ჩააყენა საკუთარი დეზინფორმაციის სამსახურში – სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში შევარდნა, ჩხრეკა, ადამიანების დაკავება, ეს ემსახურება იმას, რომ საზოგადოება დააჯერონ იმაში, რომ თითქოს არსებობს რაღაც კონსპირაცია, რაღაც შეთქმულება, საიდანღაც ოფისებიდან იმართება პროტესტები, რომელთა მიზანი არის ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ძალადობის პროვოცირება, ეს ასე არ არის. ვინც ძალადობს ყველამ კარგად ვნახეთ, იმ ვიდეოებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება…
მინდა მივმართო ქართული ბიზნესის წარმომადგენლებსაც, ქვეყანა უახლოვდება იმ მიჯნას საიდანაც უკან მობრუნება იქნება შეუძლებელი. ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა, კაპიტალის გაქცევა ქვეყნიდან, ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც “ქართული ოცნების” პოლიტიკას შეიძლება მოჰყვეს, მათაც დააზარალებს, ისინი ამას კარგად ხვდებიან და ამიტომ ახლა აღარ არის მათი დუმილის და მათი გაჩერების დრო. ისინიც უნდა შეუერთდნენ იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში”. განაცხადა ბრიფინგზე “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან ცუცქირიძემ.
პარტია გახარიასთვის წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ისინი იწყებენ მუშაობას იმ ანტიდასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად რომელსაც ივანიშვილის “ოცნება” და მისი ტელევიზიები ეწევიან:
“ჩვენ ვიწყებთ მუშაობას იმ ანტიდასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის “ოცნება” და მათ შორის, სახელისუფლებო არხები. იმ ტყუილების გამოაშკარავებას, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება ყოველდღიური საპასუხო რეჟიმი,” – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.