ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში შეიყვანა.
ამ „TOP-ათეულის“ სათავეში ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტეა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
ვილი სანიოლი, რომელმაც „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიყვანა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა მერვედფინალში ითამაშა, IFFHS-მა მე-9 ადგილზე დაასახელა. ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების პირველი მწვრთნელია, რომელიც საუკეთესო სპეციალისტთა სიაში მოხვდა.
47 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2021 წლიდან წვრთნის. მის სახელს უკავშირდება საქართველოს ნაკრების ყველაზე წარმატებული პერიოდი. ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის C ლიგაში გაიმარჯვეს და ამჟამად რანგით მეორე – B ლიგაში ასპარეზობენ. ამას გარდა, ჩვენმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ევრო 2024-ის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის თანახმადაც იგი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2028 წლის ბოლომდე იმუშავებს.
ნუცა ყაველაშვილი