ვინ არის სპეცრაზმის უფროსი „ხარება“, რომელსაც გომელაური „ღირსეულს“ უწოდებს

8 months ago 19

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება“ ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური.

„ხარება“ იმყოფებოდა 16 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზეც, სადაც სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათი დარბევა სპეცრაზმმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ „ხარებას“ სახელის სკანდირება და მისი მისამართით გინება დაიწყეს.

თუმცა „ხარებას“ სახელი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ უკავშირდება. როგორც შს მინისტრი ვახტან გომელაური ამბობს, „ხარება“ ძალოვან უწყებებში თითქმის 30 წელია მუშაობს. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეცრაზმში იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში კი „ხარება“ სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის (სოდ-ი) სპეცრაზმში იყო. ის მონაწილეობდა 2009 წელს მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებული სპეცოპერაციაში, სადაც იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მიმართავდა, რომ „ორი გვამი სჭირდება“.

„ხარება“, იგივე ზვიად ხარაზიშვილი ვიდეოში „2 გვამი მჭირდება“

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მმართველობას, ზვიად ხარაზიშვილი ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2021 წელს კი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად  დაინიშნა. მისი სახელი უკავშირდება 2019 წლის „გავრილოვის ღამეს“, რა დროსაც აქციის დარბევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმემ დაკარგა თვალი, ადამიანთა ნაწილმა მიიღო მძიმე დაზიანებები.

„ხარებას“ სახელია დაკავშირებული გასული წლის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებთანაც. მათ შორის სწორედ „ხარებას“ ასახალებდა მისი და ნიკა მოსიაშვილის დაკავების ბრძანების გამცემად  „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

ჯაფარიძის და მოსიაშვილის თქმით,გამოკითხული პოლიციელები შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ.

„სხვადასხვა პოლიციელები მოიყვანეს, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ჩვენთან, გარდა იმისა, რომ მერე მანქანით გადაგვიყვანეს პოლიციის განყოფილებებში, რომლებიც იბრალებენ, რომ თითქოს მათ გასცეს ჩვენი დაკავების ბრძანება.

სინამდვილეში არსებობს უამრავი ვიდეოკადრები , სხვადასხვა რაკურსით გადაღებული სადაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი დაკავების ბრძანებას იძლევა “ხარება”,ომელაურის ძმაკაცი და ჩვენ ფიზიკურად გვისწორდებიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები”, – აცხდებდა ჯაფარიძე თავის დაკავების ეპიზოდზე.

ზვიად ხარაზიშვილის ქონებრივი დეკლარაციებიც იმ პერიოდიდან იძებნება, როცა ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი გახდა. მას ამ თანამდებობაზე 2021 წელს ხელფასის სახით 119 354 ლარი აქვს მიღებული, 2022 წელს კი –  83 606 ლარი. მაგალითისთვის, 2021 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს ხელფასის სახით 73 633 ლარი აქვს მიღებული, გაცილებით ნაკლები, ვიდრე „ხარებას“ აღნიშნულ წელს.

სწორედ „ხარება“ იყო ერთ-ერთი, ვისთან დაკავშირებითაც ოპოზიციონერი დეპუტატები 19 აპრილს პარლამენტში მისულ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს კითხვებს უსვამდნენ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შს მინისტრს ჰკითხეს, რატომ რჩება დღემდე უწყებაში „ხარება“, რომლის „სისასტიკეზეც“ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო ცნობილი.

„სირცხვილია, რომ თქვენ ახლა გვესაუბრებით ძალადობაზე და ეს ადამიანი [„ხარება“] კვლავ სამსახურშია. ვინ არის მისი მფარველი, რომ ეს ადამიანი, როგორც ჩემთვის ცნობილია, წინა ხელისუფლებაშიც განსაკუთრებული მოძალადე, დღესაც ამ ტრადიციას აგრძელებს? ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ვინ არის ის თავად ასეთი, რომ თქვენ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას? არამარტო გათავისუფლება, შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები თუ ობიექტურად დაინტერესდებიან, დარწმუნებული ვარ, რომ სხვა სახის პასუხისმგებლობაც დადგება მის მიმართ,“ —  განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა.

„ხარება“ გააკრიტიკა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმაც, რომელსაც კითხვის დასმის პარლამენტის თავმჯდომარემ მიკროფონი გაუთიშა და მოუწოდა, რომ „საჯარო მოხელეებზე“ ასე არ ესაუბრა.

„ეს „ხარება“ რა ვერ მოვიცილეთ კაცო! ვინ აგდია ეს… იმ „ხარებაზე“ იმ წლებში [„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის] ვლაპარაკობდი, კიდე ეს „ხარება“ არის?! ვინ არის ეს კაცი, რა ჯავშანი აქვს ასეთი?! რა უბედურებაა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„ეს ადამიანი თითქმის 30 წელია [ძალოვან უწყებაში მუშაობს]. 1994 წელს დავიწყე მუშაობა ძალოვან უწყებაში და დაახლოებით, ამდენი ხანი მუშაობს ბატონი ზვიადიც ე.წ. ხარება. ბევრი რაღაც აქვს ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული, მათ შორის, ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა. ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია. მესმის, რატომაც გინდათ ამ ადამიანის დისკრედიტაცია – გინდათ, გომელაური გადადგეს, ხარაზიშვილიც გადადგეს, ყველა გადადგეს…

აქ გაჟღერდა, რომ ძველი თანამშრომლები დაიტოვეთო. 40 ათასი ადამიანი მუშაობს შსს-ში, ასევე უსაფრთხოების სამსახურში, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელიც 90-იანი წლებიდან მუშაობს და ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ბევრი ახალგაზრდა აღზარდეს… პატივს ვცემ ყველას. არ ვიცი, ყველა უნდა გაგვეშვა 40 ათასი კაცი და სხვები უნდა მოგვეყვანა? ისეთ რაღაცას საუბრობთ ხოლმე, რომ წარმოუდგენელია, მაგას ვერავინ გააკეთებს,“ — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სრულად წაკითხვა