ვინ მოიგო ისრაელის არჩევნები? არც არავინ. უფრო ცხადია, ვინ წააგო.
წააგეს საზოგადოებრივი გამოკითხვების მწარმოებელმა სოციოლოგებმა. საბოლოო შედეგი მეტად განსხვავდება კვლევებზე დამყარებული პროგნოზებისგან; ნეთანიაჰუს კოალიციამ მოსალოდნელზე საგრძნობლად მეტი აიღო.
(ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გამოკითხვები არაპროფესიული ან არაკეთილსინდისიერი იყო. ამომრჩევლის ქცევის პროგნოზირება ობიექტურად ყველგან სულ უფრო რთული ხდება).
წააგეს „თავისუფალი პალესტინის“ სულელმა და არაკეთილსინდისიერმა აქტივისტებმა, ვინც ისრაელს „აპართეიდულ სახელმწიფოს“ ეძახის და ამის გამო მის გაუქმებას მოითხოვს. ორი პარტია, რომელიც ისრაელის არაბ მოსახლეობას წარმოადგენს, არა მარტო ადეკვატურადაა წარმოდგენილი ქნესეტში, არამედ მათზეა დამოკიდებული მთავრობის ფორმირება (ან ვერფორმირება). მესმის, რომ ხსენებული აქტივსტები ამას არ შეიმჩნევენ.
წააგო ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელმაც, მოლოდინების საპირისპიროდ, სამთავრობოზე ნაკლები მანდატი მიიღო.
წააგეს ნეთანიაჰუმ და მისმა მოკავშირეებმაც, რადგან წინა არჩევნებთან შედარებით ბევრად ნაკლები ხმა მიიღეს და მთავრობას ვეღარ შექმნიან.
ორივე მთავარ ბლოკს დაგინებული აქვს, რომ არაბულ პარტიებთან (რომლებიც სიონისტური კონსენსუსის გარეთ დგანან და იმაზეც კი ამბობენ უარს, ხამასი ტერორისტულ ორგანიზაციად მოიხსენიონ) კოალიციაში არ შევა. შესაბამისად, მთავრობას ვერც ერთი ვერ შექმნის.
დარჩა ორი ვარიანტი. უკეთესი, მაგრამ, ჩემი აზრით, ნაკლებ რეალისტური: ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც გარეთ დატოვებს მარგინალურ პარტიებს (ერთი მხრივ, არაბულს; მეორეს მხრივ – ებრაულ-ულტრანაციონალისტურს).
უარესი, მაგრამ უფრო რეალისტური: ახალი მთავრობა ვერ შეიქმნება და გაზაფხულისთვის ახალი არჩევნები დაინიშნება. მანამდე ისევ ნეთანიაჰუს დროებითი მთავრობა დარჩება.
ამ აზრით, სხვებთან შედარებით მოგებული მაინც ნეთანიაჰუ გამოდის.
ამ შემთხვევაში ისრაელი, სანამ ტრამპია თეთრ სახლში, შეეცდება ირანზე თავდასხმების გაძლიერებას – მერე შანსი აღარ იქნება. შესაძლოა, ეს პერსპექტივა იყო მთავარი, რის გამოც მერყევი ამომრჩეველი ბოლო მომენტში ისევ ბიბიკენ გადაიხარა.
საერთაშიროსო alia.ge