სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ აშშ-ს დაწესებული ახალი სანქციების ფონზე, Gazprom Neft-ს სერბული ნავთობკომპანიის, NIS-იდან სრულად გასვლისთვის 45 დღე აქვს.
Gazprom Neft NIS-ის მფლობელია და კომპანიაში აქციების 50%-ს ფლობს, სერბეთის მთავრობას აქციების 29.87% ეკუთვნის, Gazprom-ს კი 6.15%.
ვუჩიჩმა თქვა, რომ Gazprom Neft-თან ნებისმიერი გარიგება აშშ-სთან შეთანხმებული უნდა იყოს. მისივე თქმით, სერბეთისთვის რუსეთთან გარიგებების შეჩერების საბოლოო ვადა შესაძლოა 10 მარტამდე გახანგრძლივდეს.
“ისინი ჩვენგან NIS-იდან რუსების სრულ გასვლას ითხოვენ, მოშორებას და არა შემცირებას”. – თქვა ვუჩიჩმა.
ხორვატიის ნავთობსადენის ოპერატორმა, Janaf-მა, რომლისგანაც NIS ნედლი ნავთობის უმეტესობას იღებს, ასევე განაცხადა, რომ სანქციები სისრულეში 45 დღეში მოვა.
“მანამდე შესაძლებელია მოწესრიგება და ზომების მიღება, რომლებიც აქტივების გასხვისებას შესაძლებელს გახდის და სერბეთის რესპუბლიკისთვის ნავთობის უსაფრთხო მიწოდებას ხელს შეუწყობს”. – წერია Janaf-ის განცხადებაში.
NIS-ს, რომელიც სერბეთის სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია, Janaf-თან 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე 10 მილიონი ტონის ოდენობის ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება აქვს დადებული.
აშშ-მ რუსეთის ენერგოსექტორისა და ნავთობის გადამზიდი ტანკერების ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ დღემდე ყველაზე მძიმე სანქციები გამოაცხადა, რომლის სამიზნეც 180-ზე მეტი ხომალდი, ათეულობით Gazprom Neft-ისა და Surgutneftegas-ის მოვაჭრე და გემების სადაზღვევო კომპანიები არიან.
ახალი სანქციები რუსეთის ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” 180-ზე მეტ გემს შეეხება, რომელსაც რუსეთი ნავთობთან დაკავშირებით არსებული სანქციებისგან თავის არიდებისთვის იყენებდა. ამასთანავე, სანქციებით შავ სიაში შედის ორი უმთავრესი ნავთობის მწარმოებელი რუსული კომპანია, Gazprom Neft და Surgutneftegas, და ასევე მათი შვილობილი კომპანიები.