ზელენსკი: მაკრონის წინადადებაა, უკრაინაში ჯარები განლაგდეს უსაფრთხოების გარანტის სახით

2 weeks ago 9

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ კიევი მზად არის, „დაფიქრდეს და იმუშაოს“ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინადადებაზე უკრაინის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიების შესახებ რუსეთთან კონფლიქტის „გაყინვის“ შემთხვევაში. ზელენსკის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ მაკრონი ემხრობა ქვეყანაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსებას უსაფრთხოების გარანტის სახით, სანამ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება. ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყანაზე შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ მაკრონი ადრე არ გამორიცხავდა ფრანგი სამხედროების უკრაინაში გაგზავნას.

საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა რომ კვლავ დაიწყეს ამ იდეის განხილვა - არა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება, არამედ უკრაინისთვის დამატებითი გარანტიების მიცემა - ამაზე ბოლო დროს წერს მედია. მაკრონი ოფიციალურად არ გამოსულა კონკრეტული წინადადებით.

ზელენსკი მაკრონს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 7 დეკემბერს შეხვდა პარიზში. მაკრონის წინადადების არსებობის შესახებ მან ორშაბათს ახსენა კიევში გერმანიის ოპოზიციური ბლოკის, CDU/CSU-ს ლიდერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე.

ზელენსკის თქმით, მშვიდობის მისაღწევად უკრაინისთვის აუცილებელია „აიძულოს“ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, შეაჩეროს ომი. ამასთან, ზელენსკიმ არ გამორიცხა საომარი მოქმედებების „პაუზის“ შესაძლებლობა, მაგრამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ასეთი „პაუზა“ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ექნება. პრეზიდენტი ასეთ გარანტიებს ხედავს უკრაინის ნატოში მიწვევაში და, როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, ქვეყანაში უცხოური ჯარების შესაძლო განლაგებაში - სანამ უკრაინა ფორმალურად შეუერთდება ნატოს.

ზელენსკის თქმით, ის უახლოეს მომავალში აპირებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარში განიხილოს უკრაინის ნატოში მიწვევის საკითხი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპთან ამ საკითხის განხილვას ჯერ აზრი არა აქვს, რადგან მას პრეზიდენტის თანამდებობა ჯერ არ დაუკავებია. ტრამპი New York Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა, კვლავ გამოვიდა უკრაინაში ომის დასრულების მოწოდებით და აღნიშნა, რომ ზელენსკიმ უთხრა, რომ „მშვიდობა სურს“.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად უკრაინის ოფიციალური მიწვევა არის ვოლოდიმირ ზელენსკის ეგრეთ წოდებული „გამარჯვების გეგმის“ პირველი პუნქტი. იმისათვის, რომ ასეთი მიწვევა გაიცეს, საჭიროა ნატოს 32-ვე ქვეყნის თანხმობა. კომენტატორებმა დიდი ეჭვი გამოთქვეს, რომ ასეთი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია უახლოეს მომავალში. ისინი მიუთითებენ ისეთი ქვეყნების პოზიციაზე, როგორიცაა უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია. ნატოში უკრაინის ახლავე მიწვევის თაობაზე მზადყოფნის შესახებ არც აშშ-ს გაუკეთებია განცხადება.

სრულად წაკითხვა