თბილისის საქალაქო სასამართლოში “დაფიონის” დამფუძნებელს, ზვიად ცეცხლაძეს და კიდევ 7 დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით].
“მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება”, – მიმართა “დაფიონის” დამფუძნებელმა ზვიად ცეცხლაძემ ახლობლებს სასამართლო პროცესზე. ცეცხლაძემ თქვა, რომ თუ მისი ვიდეომიმართვა დანაშაულია, დანაშაული ყოფილა ილია სიტყვებიც: “რევოლუციის ნუ გეშინიათ”.
ცეცხლაძემ მიმართა პოლიციასაც და მოუწოდა დაფიქრდნენ, რატომ გადაწყვიტეს გაზაფხულის აქციებზე მოცეკვავე და მოთამაშე ახალგაზრდებმა ახლა პიროტექნიკის გამოყენება.
“მსურს რომ დაფიქრდეთ, რატომ მივიდა, ეს საზოგადოება ამ აზრამდე. რა ალტერნატივა დაუტოვა, მათ შორის სასამართლომ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან სამშობლოსთვის? საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ყველანაირი სამართლებრივი რეჟიმი გათელილია და საზოგადოებას და მათ შორის მეც, გვრჩება ერთადერთი საერთაშორისო სამართლის პრინციპის გამოყენება, რაც გვაძლევს ამბოხების უფლებას და წინააღმდეგობის გაწევის უფლებას. ჩვენი ნებისმიერი ქმედება არის წინააღმდეგობა იმისთვის, რომ შენარჩუნდეს სამართლებრივი სახელმწიფო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. გავიმარჯვებთ სახელოვნად”, – განაცხადა ცეცხლაძემ.