ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა სხდომაზე პროევროპულ აქციებზე ნაცემი ადამიანების ფოტოები გამოფინეს წარწერით: „ვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს“, „გაათავისუფლეთ რეჟიმის პატიმრები“.
ფრაქცია „ახლის“ თავმჯდომარე თემურ ბასილაიას თქმით, მაშინ, როცა აქციაზე მყოფ ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან, ყველაფერს აზრი აქვს დაკარული, მათ შორის ბიუჯეტის განხილვასაც. მან მმართველი პარტიის დეპუტატებს მოუწოდა, გაემიჯნონ „ქართულ ოცნებას“ და ძალადობას.
„დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი იქნება განსხვავებული. განსხვავებულ რეალობაში. სამართლიან სახელმწიფოში, სამართლიანი სასამართლოს პირობებში“, - თქვა მან.
ამ დროს მას საპროტესტო პლაკატები ეჭირა ხელში.
„ამ ფოტოებთან ერთად მოგეტანა სამალავების, ცოცხების კადრებიც, მაშინ სამართლიანი იქნებოდი… ვერ მობრუნდებით…სანამ თქვენ იქნებით ოპოზიციაში, „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში”,- უთხრა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ჯონი ჯიქიამ ოპოზიციონერ დეპუტატს.
სიტყვიერი დაპირისპირების გამო საკრებულოში შესვენება გამოცხადდა. დავა დერეფანშიც გაგრძელდა, თუმცა მალევე ამოიწურა და სხდომაც განახლდა.
დეპუტატებმა დღეს ერთხმად დაუჭირეს მხარი ზუგდიდის ბიუჯეტს, რომელიც 70,5 მლნ ლარია. სხდომას არ დასწრებია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი დეპუტატი. ოპოზიციური პარტია ბოლო რამდენიმე თვეა სხდომებს ბოიკოტის გამო არ ესწრება.
აქციაზე და დაკავების დროს ნაცემი ადამიანების ფოტოების გამოფენას დაპირისპირება მოჰყვა ოზურგეთის საკრებულოშიც გუშინ, 25 დეკემბერს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კი უკვე 29-ე დღეა ათასობით ადამიანი ითხოვს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს. ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ იქნება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის ინიციატორი.
28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დააკავეს 500-მდე ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. პოლიცია აქციებზე მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობდა. მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას.