ზურაბიშვილი: „ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას“

1 week ago 5

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 13 დეკემბერს, მორიგი ბრიფინგი ჩაატარა.

მან ისაუბრა ხვალ დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებზე, ნაძვის ხის ანთებასა და პროტესტზე.

„დავიწყებ ხვალინდელი დღით — უაზრო პროვოკაციით, რასაც გვიწყობს ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა შვიდ საათზე ვითომც ნაძვის ხის ანთება, ბავშვებთან ერთად. ეს აშკარა პროვოკაციაა, რამეთუ უკვე ორი კვირაა, იმ ადგილას და იმ დროს, პროტესტი მიდის. რახან ხვალ პარლამენტში იმართება პაროდია, უთუოდ იქნება დიდი პროტესტი. იმ ადგილას ამ ღონისძიების მოწყობა სწორედ ხვალ, სწორედ 7 საათზე, სწორედ პარლამენტის წინ, კარგად გვესმის, რასაც ნიშნავს და რას ემსახურება. მინდა გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ ეს პროვოკაცია არაფერს გამოიწვევს, რადგან პროტესტი არის ძალიან მშვიდობიანი და თვითონ მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას. მაინც მინდა ვუთხრა მას, რაღა ხვალ — მოდის ბარბარობა, გადაიტანოს. ვთავაზობ, აქ, ორბელიანების სასახლის წინ, მოიყვანოს ბავშვები და აქ მოაწყოს ღონისძიება.

მეორე პროვოკაცია, თუ პაროდია, არის ის, რაც ხვალაა დაგეგმილი პარლამენტში. ეს ღონისძიება მოკლებულია ლეგიტიმაციას, არაკონსტიტუციურია. ეს არის ჩვენი წარსულის, კულტურის, ტრადიციების შეურაცხყოფა — ასე მოპყრობა ინსტიტუტებისადმი.

მთავარია, არ გავჩერდეთ. მთავარი ხდება დღეს, ჩვენ ქუჩებში, ქალაქებში. მთავარი ისაა, რომ ყოველ დღე გამოდის მეტი და მეტი ადამიანი, ვინც აფიქსირებს პროტესტს ამ გამოსვლით, პეტიციით, სიტყვით, მარშით. ამან მოიცვა მთელი ქვეყანა. პრაქტიკულად ყველგან იყო პროტესტი. ყველა თაობა [მონაწილეობს] — ზოგჯერ, ჩვენი უფროსი მეგობრები არიან სათავეში. ყველა პროფესია. დღეს იყო ამის ძალიან საინტერესო მაგალითი. პროტესტმა მოიცვა ჩვენი დიასპორაც. საჯარო სექტორიც, რაც უჩვეულოა ჩვენი ქვეყნისთვის. ამან გამოიწვია კანონის უმკაცრესი ცვლილება, რომელიც პრაქტიკულად არის პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი საჯარო სექტორზე.

თუმცა, ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას. არც მუქარა, არც დაშინება, არც ყველა სხვა ზომა და ხერხი, გამოცდილი სხვადასხვა რეჟიმის მიერ, ვერ გაჭრის ამ საზოგადოებაზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო — საქართველო დგას და იდგება.

ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნისთვის. სხვა მშვიდობიანი გზა ან პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. თუ ვინმეს მშვიდობა უნდა, რამე ფორმით კრიზისიდან გამოსვლა — არსებობს ერთადერთი გზა, არჩევნების. სამართლიანობის გარეშე არ არსებობს არც მშვიდობა და არც პოლიტიკური პროცესი. ამისთვის ვარ აქ, არსად არ მივდივარ, არავის დავტოვებ და აქ ვიქნები. ამ ქვეყანას, ამ მომენტში, აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, რომელიც არის რეალურად არჩეული და რომელიც ასახავს ამ ქვეყნისა და საზოგადოების ხმას. მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან და ქვეყნის შიგნით“, — განაცხადა მან.

სრულად წაკითხვა