ზურაბიშვილი საუბრობს ივანიშვილის გარემოცვის და „პრივილეგირებული ბიზნესმენების“ სანქცირების საჭიროებაზე

16 hours ago 3

მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ კვლევით ცენტრში, „ჰადსონის ინსტიტუტში“ დისტანციურად სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა ამერიკელ პარტნიორებს, დაეხმარონ საქართველოს ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევაში.

მან ასევე ისაუბრა „არალეგიტიმური პარლამენტისა და დე ფაქტო პრეზიდენტის არაღიარების მნიშვნელობაზე“ და სანქციების საჭიროებაზე.

„სანქციები ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, არამედ მათ გარშემო არსებულ უახლოეს წრეზე, როგორც ნებისმიერ ავტოკრატიულ ქვეყანაში“, - განაცხადა მან.

„რადგან ისინი უკვე წარმოადგენენ ავტოკრატიულ, ერთპარტიულ რეჟიმს, ისინი დამოკიდებულნი არიან ამ წრეზე მათს გარშემო, პრივილეგირებული ბიზნესმენების წრეზე, იმ ინსტიტუციებზე, რასაც აკონტროლებენ და მათს ხელშია. ასე რომ, სანქციები ... ასუსტებს ავტოკრატიულ, პრო-რუსულ რეჟიმს. ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, და თქვენ აუცილებლად უნდა დაგვეხმაროთ, მივაღწიოთ ახალ არჩევნებამდე“, - განაცხადა ასლომე ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, არ არსებობს „სხვა ცნობილი გზა, გარდა არჩევნებისა, ისეთი ღრმა კრიზისიდან გამოსასვლელად, როგორშიც ახლა საქართველოა“.

„ერთადერთი გზა ახალი არჩევნების მეშვეობითაა. და ახალი არჩევნები რომ შედგება, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა მან.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს 9 იანვარს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნეს სცენაზე მყოფი 26 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enalbers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

ბიძინა ივანიშვილის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.

შეერთებულ შტატებს ასევე სანქცირებული ჰყავს:

  • 2023 წლის აპრილიდან - „სასამართლო კლანის“ წევრებად მიჩნეული მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე; მათ სავიზო სანქციები შეეხოთ;
  • 2023 წლის სექტემბრიდან - ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო; ის დაასანქცირეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის #14024 ბრძანების საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს „რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით“.
  • 2024 წლის ივნისიდან, „აგენტების კანონის“ მიღებიდან ორ კვირაში - აშშ-მა სავიზო აკრძალვები დაუწესა „20-დან 30-მდე პირს“ - მათი ვინაობა უცნობია.
  • 2024 წლის 16 სექტემბრიდან - 60-ზე მეტი პირი, მათ შორის - „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები. სანქცირებულთა ვინაობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.
  • 16 სექტემბრიდანვე: „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი ერთ-ერთი მოადგილე მილერი ლაგაზაური; ასევე „ალტ-ინფოს“ ლიდერები - კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე;
  • 12 დეკემბრიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების მორიგი პაკეტი დაუწესა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის - „ოცნების“ მაღალჩინოსნებს. ეს ეხება „მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავ უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებსა და კერძო მოქალაქეებს“. ვინაობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.
  • 19 დეკემბრიდან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს „გლობალური მაგნიტსკის სანქციები“ შეეხოთ;

შეერთებული შტატების გარდა, ქართველი თანამდებობის პირებისთვის სანქციები დაწესებული აქვთ გაერთიანებულ სამეფოს, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთსა და უკრაინას.

სრულად წაკითხვა