თავდაცვისა და განათლების სამინისტროს თანამშრომლები მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

3 weeks ago 12

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შემდეგ, საქართველოს დასავლური კურსის დასაცავად საკუთარ პოზიციას ღიად, ერთობლივი განცხადებით აფიქსირებენ თავდაცვის და განათლების სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები. ისინი მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.

გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბრის საღამოს, 6 საათზე გააცნო საზოგადოებას. მისი განცხადებიდან მალევე, სპონტანურად შეიკრიბა ათასობით მოქალაქე როგორც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში.

29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს.

აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტებიც.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა განცხადება

განცხადებაში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამშრომლებმა 29 ნოემბერს გაავრცელეს და რომელზეც ხელმომწერების რაოდენობა მზარდია, წერია, რომ "თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების უმთავრესი მოვალეობა სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულებაა." ამ დროისთვის განცხადებას ხელს 50-მდე ადამიანი აწერს.

წერილი ასევე ამბობს: "საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას, ერთი მხრივ - თავდაცვის ძალების აღმშენებლობით, ხოლო მეორე მხრივ - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობით.

სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული და უწყებრივი დონის ყველა კონცეპტუალური დოკუმენტით.

ვაცნობიერებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა", - წერია განცხადებაში, რომელიც სრულდება ფრაზით: "ვემსახურებით საქართველოს!"

განათლების სამინისტროს თანამშრომელთა განცხადება

განათლების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღებაზე 2028 წლამდე, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ამ დროის მონაცემებით, დოკუმენტს უწყების 120-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს.

„სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები წლების მანძილზე ვემსახურებით დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ჩვენთვის ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, რომელიც შექმნის თანაბარ შესაძლებლობებს თითოეული ადამიანისათვის, კონკურენტუნარიანს გახდის ქართველ ახალგაზრდასა და მეცნიერს, მისცემს შესაძლებლობას შეუერთდეს მაღალი სტანდარტების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეს და უზრუნველყოს საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს შენება-გაძლიერება...

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“, - წერია განათლების სამინისტროს მოქმედ თანამშრომელთა განცხადებაში.

სრულად წაკითხვა