WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ეპისტოლე უცნობ მონაზონს · თავები 11–12

თავი მეთერთმეტე

[კაცობრივი] ბუნების სამი მდგომარეობის შესახებ, რომლებზეც ადამიანი ადი-ჩადის: ბუნებრივი, ბუნების საწინააღმდეგო და ზებუნებრივი;

და საღმრთო მადლის სამი სახეობის შესახებ, რომლებიც შეიძლება მიიღოს კაცობრივმა ბუნებამ, თუკი ამისთვის ირჯება:

განმწმედელის, განმანათლებელის და სრულმყოფელის

მოისმინე, შვილო, [კაცის] ბუნების იმ სამი მდგომარეობის შესახებ, რომლებსაც ადამიანი ადის და ჩადის.

და ვამბობთ, რომ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა მას მერე, რაც ღმერთის მცნება დავარღვიეთ და სამოთხიდან გამოვიდევნეთ, არის საღმრთო რჯული (ღმერთის მიერ მოცემული), რომელიც წერილობით მოგვეცა სამოთხიდან გამოძევების შემდეგ. და ყოველი ადამიანი ვალდებულია – თუ ცხონება სურს – გაისარჯოს ვნებებთან ბრძოლაში, დაარტყას ხოლმე და დაარტყან, შეებრძოლოს და შეებრძოლონ, სძლიოს და იძლიოს. ზოგადად, ვალდებულია [სულიერად] იღვაწოს, რათა ბუნების საღმრთო კანონების ფარგლებში იყოს. და როდესაც ვართ ფარგლებში საღმრთო რჯულისა, რომელიც წმიდა წერილის მეშვეობით მოგვეცა, არ ვართ მეძავები, მრუშები, მკვლელები, ქურდები, უსამართლონი, ცრუნი, ამპარტავანნი, ძვირისმეტველები, დიდებისმოყვარეები, გემოთმოყვარეები, მუცელმოყვარეები, მომხვეჭელები, ვერცხლისმოყვარეები, შურიანები, მაგინებლები, მკრეხელები, ბრაზიანები, რისხვიანები, მდრტვინველები, პირფერები და ა.შ. – მაშინ ვართ იმ ბუნებრივ მდგომარეობაში, რომელშიც [თავდაპირველი] მცნების დარღვევის შედეგად აღმოვჩნდით.

ხოლო ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობა ის არის, როდესაც საღმრთო რჯულის გარეშე დარჩენილი კაცი მივმსგავსება პირუტყვებს, რომელთაც რჯული არ აქვთ, რაზეც წინასწარმეტყველი ამბობს: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო“, არამედ „ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“1. ვინც ამგვარად, საღმრთო რჯულის გარეშე ცხოვრობს და სხვადასხვა ცოდვებში გორავს, როგორც ვთქვით, არის ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობაში.

ხოლო ზებუნებრივი მდგომარეობა ის უვნებობაა, რომელიც ადამს ჰქონდა მანამ, სანამ ღმერთის მცნებას დაარღვევდა და საღმრთო მადლსა და უბოროტობას დაკარგავდა.

ამ სამი მდგომარეობით, შვილო, თუ წარვემატებით, ავდივართ ბუნების საწინააღმდეგოდან ზებუნებრივში. ხოლო თუ უგრძნობლად ვიცხოვრებთ, უდებვყოფთ ჩვენს ცხონებას, მაშინ ღორებთან ერთად ვძოვთ და ვცდილობთ რქით2 დავნაყრდეთ, როგორც უძღები შვილი.

ხოლო საღმრთო მადლის სამი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება კაცობრივმა ბუნებამ მიიღო, როდესაც კარგი განწყობა აქვს და თავს აიძულებს, არის შემდეგი: განმწმედელი, განმანათლებელი და სრულმყოფელი. მას მერე, რაც ადამიანი ძველი ცოდვებიდან სინანულისკენ მოექცევა და ცდილობს საღმრთო რჯულის ფარგლებში იცხოვროს, ვნებიანი ჩვევების გამო იტანჯება და მწარე ტკივილს განიცდის მათთან ბრძოლაში. მაშინ საღმრთო მადლი საიდუმლოდ ნუგეშსა და სიხარულს აძლევს, ცრემლებს, გლოვას, სიამოვნებასა და სიტკბოებას, – როდესაც საღმრთო სიტყვებს კითხულობს, აგრეთვე, ძალასა და მხნეობას სულიერი მოღვაწეობისთვის. ამას, ერთი სიტყვით, ჰქვია განმწმედელი მადლი, რომელიც საიდუმლოდ შეეწევა მონანულ მოღვაწეს, რათა ცოდვებისგან განიწმიდოს და დარჩეს ბუნებრივ მდგომარეობაში.

თუ კაცი დარჩება აქ, ბუნებრივში, და მოღვაწეობას არ შეწყვეტს, უკან არ გაბრუნდება, უდებებას არ მიეცემა, [სულიერ] პოზიციას არ დათმობს, არამედ სულგრძელებით ირჯება კეთილი ნაყოფის გამოსაღებად და ითმენს [კაცობრივი] ბუნების განუწყვეტელ ცვალებადობას, ელის ღმერთის წყალობას, მაშინ გონება იღებს საღმრთო განათლებას და მთლიანად ხდება საღმრთო ნათელი, რომლის მეშვეობითაც გონებით ხედავს ჭეშმარიტებას და არჩევს გზას, რომელსაც უნდა გაუდგეს მანამ, სანამ მიაღწევს სიყვარულს, ანუ ტკბილ იესოს.

მაგრამ აქაც, შვილო, დიდი სიფრთხილეა საჭირო. სიტყვა „ნათელს“ რომ გაიგებ, შეიძლება იფიქრო, რომ ცეცხლია, ან ლამპრის შუქი, ან ელვა, ან სხვა რამე ფერი, შორს ასეთი უაზრობა! რამეთუ მრავალმა ვერ გაიგო ეს [საკითხი] სწორად და ელვისებრი რამეები შეიწყნარა, შეცდა და სავალალოდ წარწყმდა. საღმრთო მადლის გონიერი ნათელი კი უნივთო* ( არამატერიალური ), უსახო და უფერო, წყნარი და მშვიდია. ამას ჰქვია, ერთისიტყვით, განმანათლებელი მადლი, რომელიც გონებას ანათლებს და სულიერი სვლის უსაფრთხო გზებს გვიჩვენებს, რათა მოღვაწე არ შეცდეს და არ დაეცეს.

მაგრამ, რადგან სხეული ცვალებადობასთანაა აღრეული, და დროც ბევრი სჭირდება, ამიტომაც მადლი მუდმივად არ რჩება ჩვენთან ერთად, არამედ მიდის და მოდის, ნათელს სიბნელე მოსდევს, შემდეგ კი სიბნელეს – ნათელი. და ყურადღებით მომისმინე, რათა გაიგო, რომ ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა საღმრთო მადლის წინაშე არის სიბნელე. მით უმეტეს, როდესაც ბნელი ეშმაკები გვიახლოვდებიან, რომელთა ბუნებაც სიბნელეა!

ხოლო როდესაც მადლის ნათელი მოდის, ყველაფერი გაიმქრევა, ისევე, როგორც მზის ამოსვლით იფანტება სიბნელე და ყველაფერს მკაფიოდ ვხედავთ, იმასაც კი, რასაც განთიადამდე ვერ ვამჩნევდით. და კვლავ, მზე რომ ჩავა, ისევ ბუნებრივად სიბნელე დაგვეუფლება, ხოლო ვინც სიბნელეში დაიარება, მას დიდი უბედურებები და მტკივნეული შემთხვევები ეწევა.

იმავეს ვაწყდებით სულიერ გზაზეც. როდესაც საღმრთო ნათელი გვაქვს, მაშინ ყველაფერს მკაფიოდ ვხედავთ, და ეშმაკები შორს გარბიან, რადგან საღმრთო მადლის წინაშე დგომა არ შეუძლიათ. ხოლო საღმრთო მადლი ისევ რომ წავა, რჩება სიბნელე, [ანუ] ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, შესაბამისად, ავაზაკი ეშმაკებიც მოდიან და გვებრძვიან.

და რადგან ჩვენი ბუნება ამდენ ცვლილებას განიცდის, დაბნელების დროს ბევრ ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რომლებსაც საღმრთო მადლისეული გონივრულობა არ ახლავს, და რომლებიც გვაზიანებს და [რომელთა მიერაც] მტრები ხშირად სასიკვდილოდ მოგვწყლავენ – რადგან სიბნელე სუფევს და ვერ ვხედავთ, სად იმალებიან მტრები. ამიტომაც არასდროს არ უნდა გავთამამდეთ და ვიფიქროთ, რომ, რადგან საღმრთო მადლის მიერ ვნათლდებით (როდესაც მოდის), ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ღმერთისთვის სათნოა; არც ჩვენი ხელობის იარაღების იმედი უნდა გვქონდეს3. არამედ, საღმრთო შეწევნას უნდა ვუხმობდეთ, მხოლოდ მისი იმედი გვქონდეს, და დიდი შიშით ვილაპარაკოთ ხოლმე. ისე, თითქოს [არაფერი] არ ვიცოდეთ: ნეტავ ის, რასაც ვამბობთ, მოსწონს ღმერთს თუ სწყინს? [ბუნებრივი უსიამოვნო] ცვლილებების დროს კი მოთმინება უნდა ვიქონიოთ.

და თუ ამ მდგომარეობაში დავრჩებით და განუწყვეტელი ბრძოლებისა და ვნებების ღელვათა გამო რამე ბოროტება არ შეგვემთხვევა, მაშინ გვეძლევა ღმერთის საჩუქარი – სრულმყოფელი მადლი, რომელიც სრულგვყოფს, და არის და ეწოდება კიდეც ზებუნებრივი, რადგან ბუნებაზე მაღლა მოძრაობს4.

პირველ ორ მდგომარეობაში ადამიანი თავს აიძულებს, რომ კეთილი გულისსიტყვებისა და სულიერი მოგონებების მეშვეობით შეინარჩუნოს სათნოებები: სიყვარული, სიმდაბლე, თავშეკავება და სხვა; ზოგადად, ღმრთისმოშიში და შეპასუხებითი გულისსიტყვებით5 ვნებების ბოროტებას მოკვეთს და ინარჩუნებს სათნოებებს.

მაგრამ მას მერე, რაც სრულმყოფელი და ზებუნებრივი მადლი მოვა, მაშინ ყველა ვნება აღიხოცება და კაცი ყველა სათნოებას ბუნებრივად ინარჩუნებს – აღარ სჭირდება საკუთარი მეთოდებისა და გზების გამოგონება მათ შესანარჩუნებლად, რამეთუ მიეცა [ადამის] დაცემისწინა საღმრთო უვნებო მდგომარეობა; ვნებები ხომ კაცთა ბუნებაში მას მერე შემოვიდა, რაც ადამი ღმერთს ეურჩა, თორემ ბუნებრივი მდგომარეობა, რომელშიც ღმერთმა კაცი შექმნა, იყო უვნებო. ამიტომაც გონება, როდესაც ვნებებისგან თავისუფლდება, მოქმედებს6 საღმრთო ცოდნით, როგორც მეფე, ბუნებაზე მაღლა.

შესაბამისად, როდესაც შენც, შვილო, ხედავ, რომ ყველა სათნოება ბუნებრივად მოქმედებს [შენში], გულისსიტყვების ძალისხმევისა და გამოგონებების გარეშე, და არ იცვლება, იცოდე, რომ ზებუნებრივ [მდგომარეობა]ში ხარ. როდესაც კვლავ ხედავ, რომ კეთილი გულისსიტყვების მეშვეობით ინარჩუნებ [სათნოებებს] და ისინი იცვლებიან [ხოლმე], იცოდე, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში ხარ. ხოლო როდესაც ცოდვას სჩადიხარ, იცოდე, რომ ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობაში ხარ და „მოქალაქეების ღორებთან ერთად ძოვ“7, როგორც სახარებაში წერია, და [ამიტომაც ] შეეცადე გათავისუფლდე.

ამაზე მეტი კი ყოვლადბრძენმა და ყოვლადკეთილმა ღმერთმა უწყის, და იმან, ვინც ღმერთშია; რომლისაცაა დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

თავი მეთორმეტე

სიყვარულის შესახებ

რადგან ბევრი და მრავალფერი რამ დავწერეთ, ჩემო შვილო, აღძრულმა მხურვალე რწმენითა და საღმრთო კრძალულებით, მივიჩნიე, რომ კარგი იქნებოდა, ორიოდე სიტყვა სიყვარულის შესახებ მოგწერო – ის, რაც ჩემამდე ღირსი მამებისგან და წმიდა წერილის კითხვით ვისწავლე. მაგრამ როდესაც ვაცნობიერებ ამ ზებუნებრივი მადლის სიმაღლეს, შიში მიპყრობს, ვაითუ ვერ შევძლო სიტყვის დასრულება.

და კვლავ, თქვენი წმიდა ლოცვების იმედით გულგამთბარი, ვიწყებ სიტყვას. რადგან, როგორ შემიძლია, ჩემო შვილო, საკუთარი ძალით მოგწერო ესოდენ დიდი ქარიზმის* (ნიჭის) შესახებ, რაც ჩემს ძალებს აღემატება? ან რომელი ენით შემიძლია მოგითხრო წინასწარმეტველთა, მოციქულთა, მართალთა, მოწამეთა, ღირსთა და ცაში მყოფი ყველა დასისა?

ჭეშმარიტს გეტყვი, ჩემო შვილო, ადამის მოდგმის ყველა კაცობრივი ენაც რომ მომეშველიებინა, მგონია, მაინც ვერ შევძლებდი სიყვარულის ღირსეულად შექებას. თუმცა, რატომ ვამბობ „ღირსეულად"? რამეთუ საყვარულის შესახებ მცირეოდენის თქმაც არ ძალუძს კაცობრივ ენას, თუკი თვით ღმერთი, თვითჭეშმარიტება და [თვით] სიყვარული არ მოგვანიჭებს სიტყვების ძალას და სიბრძნეს და ცოდნას, და კაცობრივი ენის მეშვეობით თვით ღმერთი და ჩვენი ტკბილი იესო ქრისტე, თვითონ [ქრისტე] თავისას [ანუ სიყვარულს] არ გვათქმევინებს და შეგვაქებინებს. რამეთუ სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა თავად მაცხოვარი და მამა, საღმრთო სულთან ერთად, ტკბილი იესო. კაცთმოყვარე ღმერთის ყველა სხვა საღმრთო ქარიზმას ახლავს საღმრთო შეგრძნება, როდესაც ჩვენში საღმრთო მადლის მიერ მოქმედებენ, ანუ თავმდაბლური აზროვნება, სიმშვიდე. თავშეკავება და სხვა, და ზოგადად, საღმრთო მადლის მოქმედების გარეშე ისინი მხოლოდ სათნოებებია, რომელთაც ვიცავთ უფლის მცნების გამო, ჩვენი ვნებების განსაკურნებლად. და მანამ, სანამ მადლს მივიღებთ, განუწყვეტლივ ვიცვლებით, ხან სიმდაბლისკენ, ხან ამპარტავნებისკენ; ხან სიყვარულისკენ, ხან სიძულვილისკენ: ხან თავშეკავებისკენ, ხან ბევრი ჭამისკენ, ხან სიმშვიდისკენ, ხან რისხვისკენ, ხან სულგრძელებისკენ, ხან გულისწყრომისკენ და ა.შ.

მაგრამ როდესაც ღმერთის მადლით ვმოქმედებთ, მაშინ სულის ეს განუწყვეტელი ცვლილებები და ცვალებადობა ცხრება, წყდება, და სხეული კი თავის ელემენტარულ და ბუნებრივ ცვლილებებს განიცდის – სიცივეს, სიცხეს, სიმძიმეს, დაღლას, ტკივილს, შიმშილს, წყურვილს, ავადმყოფობას და სხვა; ხოლო სული, რომელიც საღმრთო მადლის მოქმედებით იკვებება, რჩება უცვლელი იმ ბუნებრივი საღმრთო ქარიზმების მეშვეობით, რომლებიც მას მიენიჭა. რომ ვამბობ, უცვლელი-მეთქი, ასე უნდა გამიგო: როდესაც მადლი ჩვენში იმყოფება. მაშინ არ იცვლება სული იმ ბუნებრივი საღმრთო ქარიზმების მეშვეობით, რომლებიც მას მიენიჭა, მაგრამ არა ისე, რომ, როდესაც მადლი მიდის, მაშინ[აც] არ იცვლება. [ცხადია] ადვილადაც არ იცვლება, რადგან სულის განწყობა მტკიცეა, მაგრამ არც უცვლელი არ არის.

ჩვენ ხომ წიგნის მრავალ ადგილას დავწერეთ, რომ, რადგან თიხის ამ სამოსს* (სხეულს) ვატარებთ, ნურავინ დაიჯერებს, რომ არსებობს რამე ამაღლებული [სულიერი] მდგომარეობა, რომელიც უცვლელი და უსაფრთხოა, თუ კაცში საღმრთო მადლი არ მოქმედებს, [ამ შემთხვევაში კი, ანუ როდესაც მადლი მასშია] თითოეული საღმრთო ქარიზმის შეგრძნებასაც კარგად და უსაფრთხოდ იგემებს. მაგრამ როდესაც საღმრთო სიყვარულის განცდას მიაღწევს – რაც თვით უფალია, თანახმად თქმულისა: „ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულშია, ის ღმერთშია, ხოლო ღმერთი – მასში“8 – მაშინ კაცობრივ ენას როგორღა ძალუძს ისაუბროს სულ ღმერთისა და ღმერთის წმიდა ქარიზმების შესახებ, თუ არ აქვს საღმრთო მოქმედება?

დღესაც მრავალნი არიან ისეთნი, რომლებიც, რადგან სათნოებები აქვთ და კარგად მოღვაწეობენ, და ღმერთს სიტყვითა თუ საქმით სათნოეყოფიან და მოყვასისთვის[აც] სარგებელი მოაქვთ, ფიქრობენ (და სხვებიც მათზე ასე ფიქრობენ), რომ სიყვარულს მიაღწიეს იმის წყალობით, რომ მოყვასის მიმართ მცირეოდენი წყალობა და თანაგრძნობა გამოიჩინეს. არადა, ეს არ არის სიმართლე. უბრალოდ, სიყვარულის მცნებას აღასრულებენ, რადგან უფალმა ბრძანა, გიყვარდეთ ერთმანეთიო, და ვინც ამ მცნებას იცავს, შექების ღირსია, რადგან საღმრთო მცნებებს აღასრულებს, მაგრამ ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ ესაა საღმრთო სიყვარულის მოქმედება. გზა არის წყაროსკენ, მაგრამ არა – [თვით] წყარო. სასახლეში ასასვლელი საფეხურებია, მაგრამ არა სასახლის შესასვლელი კარი. სამეფო სამოსია, მაგრამ არა [თვით] მეფე. ღმერთის მცნებაა, მაგრამ არა [თვით] ღმერთი.

ასე რომ, ვისაც საყარულის შესახებ სურს ილაპარაკოს, ჯერ შეგრძნებით კარგად უნდა იგემოს სიყვარულის საიდუმლო და შემდეგ, თუ სიყვარულის წყარო, ტკბილი იესო ამის ნებას მისცემს, უსაფრთხოდ გადასცეს მოკრეფილი ნაყოფი მოყვასსაც, რათა სარგებელი მოუტანოს. რამეთუ დიდია იმის საფრთხე, რომ არასწორად ვილაპარაკოთ და შეუცნობლად9 ვიაზროვნოთ, და გვეგონოს, რომ ვიცით ის, რაც [სინამდვილეში] არ ვიცით.

შემდეგი, ჩემო საყვარელო შვილო, კარგად იცოდე: სხვა რამ არის სიყვარულის მცნება, რომელსაც ძმათმოყვარებით ერთმანეთის მიმართ საქმით აღვასრულებთ, და სხვა არის საღმრთო სიყვარულის მოქმედება. თუკი პირველის აღსრულება ყველა ადამიანს შეუძლია, თუ მოინდომებს და გაირჯება, მეორისა არა, რამეთუ არც ჩვენი საქმეებით ხდება, არც ჩვენი ნება-სურვილით: თუ გვსურს, როცა გვსურს და როგორც გვსურს. მართლაც ასეა. არამედ დამოკიდებულია ჩვენი უტკბილესი იესოს სიყვარულის წყაროზე, რომელიც გვაძლევს, თუ მოინდომებს, როგორც მოინდომებს და როდესაც მოინდომებს.

და თუ ჩვენ უბრალოებით ვცხოვრობთ, [საღმრთო] მცნებებს ვიცავთ და ცრემლებით, მოთმინებით, დაჟინებით, უკანდაუხევლად და გულისტკივილით ვითხოვთ, და როგორც მოსე, იოთორის ცხვრებს ვუვლით10 (ანუ გონების კუთილ და სულიერ მოძრაობებსა და ზრახვებს ვიცავთ) დღის მცხუნვარებასა და ღამის ყინვაში – [სულიერ] ბრძოლებსა და განსაცდელებში, რომლებიც იძულებითა და დამდაბლებით გვმუსრავენ, მაშინ ღირსნი ვხდებით ღმერთის ხილვისა, ისევე, როგორც მაყვლოვანის დანახვისა, რომელსაც სიყვარულის საღმრთო ცეცხლი უკიდია ჩვენს გულებში, არ კი იწვის11. ხოლო როდესაც მას მივუახლოვდებით გონებისმიერი ლოცვის მეშვეობით, გვესმის საღმრთო ხმა, რომელიც სულიერი ცოდნის საიდუმლოს მიერ გვეუბნება: „წარიხიდენ ხამლნი ფერხთაგან შენთა!“12 ანუ, განიძარცვე ყოველივე საკუთარი ნება-სურვილი და წუთისოფლის საზრუნავი და ყოველივე ჩვილური ზრახვა, და დაემორჩილე წმიდა სულს და მის წმიდა ნებას, „რამეთუ ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდაა“13.

და მას მერე, რაც ყველაფრისგან განიძარცვება, მაშინ ერის მფარველობა ეკისრება და ფარაონს წყლულებს მიაყენებს, ანუ ძალუძს საღმრთო ქარიზმების გარჩევა და განგება და ეშმაკებზე ძლევა. ამის შემდეგ იღებს საღმრთო რჯულს, მაგრამ არა მოსესავით ქვის ფიქლებზე დაწერილს, რომლებიც ცვდება და იმსხვრევა, არამედ ღვთაებრივად ამოტვიფრულს სული წმიდის მიერ და ჩვენს გულებში მოქმედს; და არა მარტო ათ მცნებას, არამედ იმდენს, რამდენსაც ჩვენი გონება, ცოდნა და ბუნება იტევს; ამის შემდეგ კი [კაცი] კრეტსაბმელის მიღმა შედის14.

როდესაც საღმრთო ღრუბელი სიყვარულის ცეცხლის სვეტის სახით გადმოვა, მაშინ ისიც (ადამიანიც) მთლიანად ცეცხლი ხდება და, რადგან ვეღარ იტევს, სიყვარულის საღმრთო მოქმედება სიყვარულის წყაროს ადამიანის ბაგეთა მეშვეობით უღაღადებს: „ვის შეუძლია განმაშოროს იესოს ტკბილ სიყვარულს ?!“15 შემდეგ კი, ნიავმა მოჰბერა და – სხეულში თუ სხეულის გარეთ, მხოლოდ ღმერთმა იცის16, კალივაში თუ გარეთ, ჰაერში, ღმერთმა უწყის – მხოლოდ ის იცის იმან, ვინც ეს იხილა, რომ ცეცხლი გახდა ცეცხლთან ერთად, სიყვარულის ცრემლებს ღვრის და გაკვირვებული და გაოცებული ღაღადებს: „დააცხრე, ტკბილო სიყვარულო, შენი მადლის ტალღები, რამეთუ სხეულის ნაწილები დამეშალა!“ როდესაც ამას ამბობს, ხოლო [წმიდა] სულის ქარი უბერავს და საოცარი და გამოუთქმელი კეთილსურნელება მოაქვს, ყველა საგრძნობელი ცხრება, რადგან ვერანაირი ხორციელი მოქმედება ვეღარ იძრვის. და მთლიანად დატყვევებული, დუმილს სჯერდება და მხოლოდ ტკბება ღმერთის დიდების სიმდიდრით, მანამ, სანამ ეს [საღმრთო] ღრუბელი17 არ ჩაივლის18.

გონს კარგავს, როგორც ღვინით თრობილი,

აღარც არაფრის თქმა სურს მის ენას,

არც სურვილი აქვს, სულს, გონებას, გულს, –

მხოლოდ: „იესო ტკბილო იესო,

მამავ, ცხოვრებავ, თაფლზე უტკბესო“!

ო, ჩემი სულის სიცოცხლეო, ტკბობაო გულის,

ნათელო ჩემი გონებისა, სრულსიყვარულო,

ანკარა წყაროვ სიყვარულის, სასოვ და რწმენავ –

გთხოვ, ამიხსენი, როგორ შევძლო, სულ შენში ვიყო!

ჰე, სიყვარულო, მაცხოვარო ჩემო, იესო!

მხოლოდ ამას გხმობ, სხვას არას გთხოვ იოტისოდენს:

მყავდე მუდმივად, რომ შემეძლოს ფერხთ დაგივარდე,

ტკბილი ამბორით მივემთხვიო შენს ნალურსმალებს.

ცრემლი ვაწვიმო განუწყვეტლივ გულისტკივილით,

ფერხნი დაგილტო ერთიანად, ვით მარიამმა,

ვერ განმაშორონ ჩემს მაცხოვარს ვერრა ძალებმა,

ხელმწიფებათა, მთავრობათა, ბელიარისამ.

ეგ ვერ შეიძლოს სრულსამყარომ, მთელმა, მთლიანმა,

სიამოვნება-განცხრომებმა ამ წუთისოფლის

და მე ვინატრი: იმ დროს, როცა ფეხებს დაგილტობ,

იქ წაიყვანო ჩემი სული, სადაც შენ უწყი,

რომ ღირსი გავხდე, შენ, მაცხოვარს, ღმერთს და შემოქმედს

სამარადისოდ გიგალობდე, გჭვრეტდე, გმსახურო,

წინასწარმეტეველთ, მარტვილთ, მართალთ ყოველთა თანა,

ღირსებთან, საღვთო მამებთან და დედებთან ერთად.

იქ, სადაც არის ანგელოზთა მთელი მხედრობა,

ქერუბიმები, სერაბიმნი, ხელმწიფებანი,

საყდარნი მხნენი, სადაც ყოვლადწმინდა ქალწული

და დედოფალი, ღვთისმშობელი მარიამია.

ამინ.

ერთი სიტყვით, ჩემო შვილო, ნეტარია ის წუთი, როდესაც – თუ ამის ღირსები გავხდით – სულს სუფთად გადავცემთ უფალს და ის ყველაფერი გვექნება, რაც ვახსენეთ, როდესაც ყველაზე, ყველაფერზე და ყველაში სუფევს* (მეფობს) იესო ქრისტე, ტკბილი მაცხოვარი, მამა და ღმერთი, სული საყვარელი, წმიდა, სახიერი, მშვიდი, სიცოცხლის დასაბამი, ცხოველმყოფელი, სამება წმიდა განუყოფელი, აწ და მარადის და დაუსრულებელი საუკუნეების უკიდეგანო საუკუნეებში. ამინ.

შენიშვნები

  1. ფსალმ. 48, 13/21. ↩
  2. [ღორების საჭმელი] რქა – აქ: მცენარე კერატის ნაყოფი (შეად. ლუკ. 15,16). ↩
  3. ხელობაში, სავარაუდოდ, მონაზვნობას გულისხმობს, იარაღებში კი – მარხვას, ლოცვას, მღვიძარებას და ა.შ. ↩
  4. სიტყვასიტყვით: „დადის, დაიარება". ↩
  5. შეპასუხებითი, საპირისპირო, საწინააღმდეგო იმ გულისსიტყვებს ეწოდება, რომლითაც ქრისტიანი ცოდვისმიერ გულისსიტყვებს „ეპასუხება“, ეწინააღმდეგება. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მეთოდი ყოველთვის უსაფრთხო არ არის, განსაკუთრებით, დამწყებთათვის, რადგან ვნებისმიერ გულისსიტყვებთან კონტაქტის გახანგრძლივებით (თუნდაც დაპირისპირების გზით) იბილწება გონება. ყველაზე სანდო საშუალება არის ცუდი გულისსიტყვების სრული უგულებელყოფა და უფლის სახელის მოხმობა. ↩
  6. აქაც „დადის“. ↩
  7. შეად. ლუკ. 15,15. ↩
  8. იოან. 4,16. ↩
  9. ანუ გამოცდილებისეული ცოდნის გარეშე. ↩
  10. შეად. გამ. 3,1. ↩
  11. შეად. გამ. 3,2. ↩
  12. გამ. 3.5: „გაიძრე ფეხსაცმელი ფეხთაგან“. ↩
  13. იქვე. ↩
  14. შეად. გამ. 26,33; ლევ. 16,2; ებრ. 6.19 და სხვა. ↩
  15. იხ. რომ. 8,35. ↩
  16. შეად. 2 კორ. 12,2-3. ↩
  17. სიტყვასიტყვით არის „[ბნელი] ნისლი“ შეად. გამ. 20,21 და სხვ. ↩
  18. ამ სამ აბზაცში ვხედავთ წმიდა იოანე სინელის „კიბეში“ (სიტყვა მწყემსის მიმართ) მოყვანილი ალეგორიის გამოძახილს, რომელშიც ღმრთისმხილველი მოსეს ცხოვრების ძირითადი მოვლენები მიესადაგება განღმრთობილი ადამიანის სულიერ გზას. ↩