თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს დირექტორმა, რომელიც ნოემბერში დაინიშნა, თანამდებობა დატოვა

1 week ago 7

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, მარიამ კვერნაძემ დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში თანამდებობა დატოვა. ის თანამდებობის დატოვების მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას” ასახელებს და აღნიშნავს, რომ “ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს არც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან”.

“მეგობრებო, სამწუხაროდ, მომიწია თანამდებობის დატოვება პირადი მიზეზით, რომელიც გამომდინარეობს ჩემივე ოჯახური მდგომარეობიდან და რომელიც არ იყო ცნობილი მაშინ, როდესაც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვინიშნებოდი. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს არც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების რაიმე გადაწყვეტილებასთან ან მითითებასთან.

მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს გამოცხადებული ნდობისთვის და წლების განმავლობაში ნაყოფიერი საქმიანობისთვის. უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი თითოეული თანამშრომლის და წარმატებებს ვუსურვებ მათ. გთხოვთ, ნუ მოახდენთ ჩემი პირადი გადაწყვეტილების პოლიტიზებას და ნუ გამოიყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის”, – წერს კვერნაძე სოციალურ ქსელში.

მან პოსტი მხოლოდ მას შემდეგ დაწერა, რაც მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსად მიმდინარე წლის ნოემბერში დაინიშნა. იქამდე, 5 წლის განმავლობაში ამავე სააგენტოში, უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.

30 ნოემბერს, თბილისის მერიის 150-ზე მეტი თანამშრომელი ერთობლივი განცხადებით გაემიჯნა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. მეორე დღეს, 1-ელ დეკემბერს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის განცხადებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა, ნინია მაჭავარიანმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” კრიტიკის გამო კალაძემ მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. ნინია მაჭარაშვილის ცნობით, გაერთიანების დირექტორის განთავისუფლების მოთხოვნის მიზეზი გახდა 30 ნოემბერს ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლითაც მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების 246 თანამშრომელი აპროტესტებს „საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკი ძალის გამოყენებას“.

კალაძე მერიის თანამშრომლებს, რომლებიც საჯაროდ იცავენ ქვეყნის ევროპულ კურსს და აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, საბოტაჟს მცდელობაში ადანაშაულებს და იმუქრება, რომ მათი აქტივობები “არ დარჩება პასუხგაუცემელი”.

წაიკითხეთ, ასევე:

სრულად წაკითხვა