საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ოთხი პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან 41 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისება. გამოძიების ვერსიით, ეს თანხა მეტროს ვაგონების შეკეთებისა და მოდერნიზაციის კონტრაქტების ფარგლებში, ფასების ხელოვნურად გაზრდისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით იქნა მითვისებული. დაკავებულთაგან სამს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მეოთხე პირს 2 მილიონი ლარის ოდენობის გირაო.
პროკურატურის მიერ 16 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულებმა „მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს“ 2017-2024 წლებში, 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარი.
უწყების ცნობით, ბრალდებულები არიან სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის’’ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი , იმავე სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, ამავე საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი პაატა სვანიძე, შპს ,,საჩინოს’’ დირექტორი და შპს ,,ინტრანსის’’ დირექტორი რუსლან დემუროვი.
„მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსრულების მიზნით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს შპს ,,საჩინო’’, რომლის სახელითაც საქართველოში, ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი განახორციელეს, გადამზიდი კომპანია ,,ინტრანსის’’ მეშვეობით“, – განაცხადა პროკურატურამ.
„შემდგომ შპს ,,საჩინოდან’’ ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების გზით, იმპორტირებული საქონელი, სამჯერ გაზრდილი ფასით მიაწოდეს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას’’, – ნათქვამია განცხადებაში.
ოთხი ბრალდებულის მიმართ ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით არის წარდგენილი, მათ შორის 182-ე მუხლით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განმეორებით, დიდი ოდენობით მითვისება) და 210-ე მუხლით (ფინანსური დოკუმენტების გაყალბება და გამოყენება). დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
This post is also available in:
civil ახალი ამბები