“თბილისში, მოქალაქეთა ნაწილი საქსტატის წარმომადგენელს კარს არ უღებდა” | აღწერა 31 დეკემბრამდე გაგრძელდება და კვლავ გაიხსნება თვითრეგისტრაციის პორტალიც

1 day ago 3

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მოსახლეობის აღწერის პროცესი 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდება და კვლავ ამოქმედდება თვითრეგისტრაციის პორტალიც.

გოგიტა თოდრაძემ მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში მოქალაქეთა ნაწილი ინტერვიუერებს კარს არ უღებდა.

BMG-ის კითხვაზე, რა არის კარის არგაღების მიზეზი, თოდრაძე ამბობს, რომ ძირითადად, თავის არიდება უცხო ადამიანის სახლში შეშვებასთან დაკავშირებით. მან განმარტა, რომ ზოგადად, სხვა დროსაც არსებობს ეს გამოწვევა, თუმცა მწვავედ შეიმჩნეოდა აღწერის პროცესში, რაც შესაძლოა მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებსაც უკავშირდებოდეს.

“თბილისი და განსაკუთრებით რამდენიმე უბანი გამოირჩევა სხვა რეგიონებთან შედარებით, კარის არ გაღების მაღალი მაჩვენებლით. ეს მხოლოდ მოსახლეობის აღწერის ან დღევანდელი რეალობისთვის არ არის დამახასიათებელი. თუმცა, ეს გაცილებით მწვავედ იდგა ამ პროცესში. მიზეზი სხვადასხვა იყო. უბრალოდ მათ არ სურდათ, სხვადასხვა გარემოების გამო, უცხო ადამიანის შეშვება საკუთარ ოჯახში, იყო გარკვეულწილად უნდობლობა ინსტიტუციის მიმართაც, თუმცა უფრო კონკრეტული მიზეზი ამის შესახებ გვექნება რამდენიმე თვეში, როდესაც მოვახდენთ ამის შეფასებას”, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ამ დრომდე აღწერის პერიოდად 2024 წლის 14 ნოემბერი-19 დეკემბერი იყო მითითებული. შეზღუდული იყო თვითრეგისტრაციის ვადებიც.

აღწერის შედეგები 2025 წლის ივნისში იქნება ხელმისაწვდომი.

სრულად წაკითხვა