თსუ-ს აკადემიური პერსონალის ნაწილი ემიჯნება “ოცნების” გადაწყვეტილებას

3 weeks ago 21

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი ემიჯნებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების შესახებ. ასევე, ეწინააღმდეგებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივ ქმედებებს პროტესტის მონაწილეთა მიმართ.

“კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას. ვგმობთ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას. მოვუწოდებთ თსუ აკადემიურ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ დროისთვის განცხადებას 200-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. თუმცა, სია განახლებადია.

მსგავსი შინაარსის განცხადებები უკვე გაავრცელეს უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობას საჯაროდ განცხადებებითა და გაფიცვით ეხმიანებიან სხვა უნივერსიტეტებიც.

28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. კობახიძის ბრიფინგის შემხდეგ დაიწყო უწყვეტი საპროტესტო ქციები, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. შსს ყოველ ღამე ცდილობს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების დაშლას, თუმცა ისინი კვლავ იკრიბებიან.

მოქალაქეებისა და კერძო სექტორის პროტესტის პარალელურად, “ქართული ოცნების” ქმედებებს საჯაროდ ეწინააღმდეგებიან საჯარო სექტორში დასაქმებულებიც. გავრცელდა არაერთი საჯარო სამსახურის თანამშრომელთა ერთობლივი განცხადებები. მათ შორის არიან საგარეო და თავდაცვის სამინისტროებიც წარმომადგენლებიც. არაერთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.

სრულად წაკითხვა