ექიმი, გიორგი ღოღობერიძე, განმარტავს თუ რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის დამცავებმა, რომლებსაც საქართველოში ბევრი ადამიანი იყენებს და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.
“კუჭის დამცავს ძალიან ბევრი ადამიანი სვამს. კუჭის დამცავებს ეძახიან ისეთ საშუალებებს, რომლებიც კუჭში მჟავიანობას აქვეითებს. როგორც წესი, აქ პრაზოლები მოიაზრება: ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ესომეპრაზოლი და ბევრი სხვა. საზოგადოებაში ეს ცნობილია არა უშუალოდ ამ სახელწოდებებით, არამედ ბრენდული სახელებით. ანუ, სრულიად სხვა სახელი ჰქვია და ქვეშ მოქმედ ნივთიერებად რომელიმე ზემოთჩამოთვლილი აწერია. ეს საშუალებები კუნთების სპაზმსაც იწვევენ.
თუ ადამიანი კუჭის დამცავებს თვეების განმავლობაში სვამს, ორვალენტიანი მეტალების შეწოვა ქვეითდება. ორვალენტიანი მეტალია, მაგალითად, მაგნიუმი, კალციუმი. როცა ადამიანს მაგნიუმის შეწოვა უქვეითდება, კუნთების სპაზმიც ეწყება. როცა ადამიანი კუჭის დამცავს მიიღებს, მას შეიძლება, სწორედ ამ მექანიზმით, ქვემო კიდურების სპაზმი ჰქონდეს. ეს არ ნიშნავს, რომ წამლის მიღება უნდა შეწყვიტოთ. უნდა გადაამოწმოთ, გაქვთ თუ არა მაგნიუმის ნაკლებობა. თუ გაქვთ, ის უნდა შეავსოთ.” - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.